აჭარის უმაღლესმა საბჭომ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე13 ხმით ზურაბ პატარაძე დაამტკიცა. ასევე დამტკიცდა აჭარის მთავრობის შემადგენლობაც. ინფორმაციას აჭარის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.
პლენარული სხდომის ფარგლებში, მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატმა, რეგიონის განვითარებასთან დაკავშირებით საკუთარი ხედვები და პრიორიტეტები წარადგინა. ზურაბ პატარაძემ ისაუბრა ინფრასტრუქტურის, ჯანდაცვის, სოციალური, განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის განვითარების გეგმებსა და ინიციატივებზე.
„ზუსტად ამ წუთიდან, გვაქვს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და ვალდებულება ხალხის წინაშე, ჩემი მშობლიური აჭარის წინაშე, თითოეული მოსახლის წინაშე. დღეიდან, ჩვენს გუნდთან ერთად, დაიწყება აქტიური მუშაობა, რათა შესაძლებლობის ფარგლებში ყველაფერი და უფრო მეტიც გავაკეთოთ ჩვენი მოსახლეობისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის. დღეს ჩემს მოხსენებაში მოისმინეთ ის პროექტები, რომელიც დავაანონსე. ვფიქრობ, ეტაპობრივად,თქვენთან ერთად, ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენი რეგიონის წარმატებისთვის,” – აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.
მთავრობის ახლად დამტკიცებულმა თავმჯდომარემ საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ მინისტრს, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს, საკანონმდებლო ორგანოს წევრებს და პარტია “ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს” საპატიო თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.
მისი თქმით, აქტიური თანამშრომლობით შესაძლებელი იქნება ქვეყნისა და რეგიონისთვის არაერთი მნიშვნელოვანი ინიციატივის განხორციელება.
