გოგი აბუაშვილმა და მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე თეიმურაზ ბექაურმა მუნიციპალიტეტის მასშტაბით მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერეს

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა, გოგი აბუაშვილმა და მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე თეიმურაზ ბექაურმა მუნიციპალიტეტის მასშტაბით მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერეს და მშენებელი კომპანიების ხელმძღვანელებს შეხვდნენ. ინფორმაციას მცხეთის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, შიდა საუბნო გზების კეთილმოწყობის მიზნით, სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში – ჯიღაურაში, ზაქაროსა და ნავაზში, ასევე წეროვნის დევნილთა დასახლებაში. პროექტების ფარგლებში იგება ასფალტის საფარი, გარკვეულ ადგილებში ეწყობა სანიაღვრე არხები და წესრიგდება მოსახლეობის ეზოებამდე მისასვლელი მონაკვეთები.

“საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობის პროექტებს, ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის კონტრაქტორი კომპანიები ახორციელებენ.

ხელისუფლების წარმომადგენლები ასევე გაეცნენ წეროვნის დევნილთა დასახლებაში ივანე მაჩაბლის სახელობის სკვერის კეთილმოწყობის პროექტს, რომელიც დასრულების ეტაპზეა.

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაფინანსებული სამუშაოები ითვალისწინებს თეატრალური სცენის – ამფითეატრის, ფანჩატურისა და შესაბამისი ატრაქციონებით ბავშვთა გასართობი მოედნის მოწყობას, კაუჩუკის ფილების დაგებას, სავალი ბილიკების მოპირკეთებას, სკამებისა და ლამპიონების დამონტაჟებას, ტერიტორიის ლითონის დეკორატიული ღობით შეღობვასა და სხვა საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობას.

პროექტების ჯამური სახელშეკრულებო ღირებულება 1 800 000 ლარს აღემატება.

ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობას ასევე გაეცნენ სამხარეო ადმინისტრაციისა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები,”- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები