გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა 6 თვეში უკანონო თევზჭერის 281 ფაქტი გამოავლინა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, 2026 წლის 1 იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით, თევზჭერის წესების დარღვევისა და უკანონო თევზჭერის 281 ფაქტი გამოავლინეს. ინფორმაციას
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.

“მათგან 131 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.

ჯამში, უკანონოდ მოპოვებული თევზის ოდენობამ 268 კგ-ს გადააჭარბა.

ყველაზე მეტი – 66 ფაქტი გამოვლენილია დასავლეთის რეგიონულის სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე. 46 ფაქტი დაფიქსირდა მცხეთა-მთიანეთში, 37 – კახეთში, 40 – სამეგრელო-ზემო სვანეთში, 22 – ქვემო ქართლში, 18 – აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე, 5 – შიდა ქართლში, 4 – სამცხე-ჯავახეთში. 36 ფაქტი კი, გამოვლენილია შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს თანამშრომლების მიერ.

სამართალდარღვევები გამოვლინდა დედაქალაქშიც. მიმდინარე წლის 6 თვეში დეპარტამენტის თანამშრომლებმა თბილისში თევზჭერის წესების დარღვევისა და უკანონო თევზჭერის 7 ფაქტი გამოავლინეს.

ბრაკონიერები ხშირ შემთხვევაში იყენებდნენ ისეთ უკანონო თევზსაჭერ საშუალებებს, როგორიცაა სახლართი ტიპის ბადე და ელექტროიარაღი.

უკანონო თევზჭერის ფაქტების გამოვლენისა და აღკვეთის პარალელურად, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის პრიორიტეტია პრევენცია. ამ მიმართულებით  ინტენსიურად იგეგმება პრევენციული ღონისძიებები, განსაკუთრებით ისეთ ლოკაციებზე, სადაც ბოლო წლებში, ბრაკონიერობის ფაქტები შედარებით ხშირია. მიმდინარე წლის 6 თვეში პრევენციული ღონისძიებების შედეგად ჯამში ამოღებულია 3500 მეტრზე მეტი სიგრძის სახლართი ტიპის ბადე და 65-მდე თევზმახე.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ, რათა დროულად მოხდეს ბრაკონიერობის ფაქტების პრევენცია, აღკვეთა და გამოვლენა. ამასთან, მყისიერი რეაგირება ტარდება ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე”?- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები