საგარეჯოს პოლიციის განყოფილებაში შეიარაღებული თავდამსხმელის ყოფილი მეუღლისა და შვილის გამოკითხვა დასრულდა.
49 წლის ნოდარ ათუაშვილის ოჯახის წევრები სამართალდამცველების შეკითხვებს რამდენიმე საათის განმავლობაში პასუხობდნენ. კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის განცხადებით, გამოძიების ინტერესია, თუ რა მოხდა 20 იანვრის ღამეს, რა დროსაც საგარეჯოში, ყოფილმა სამხედრომ იარაღიდან გასროლის შედეგად 5 პირი მოკლა, 5 კი დაჭრა.
როგორც ჟურნალისტებს თეიმურაზ კალანდაძემ განუცხადა, გამოძიება მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც ყველაფერს პასუხი გაეცემა.
„გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე, ვერ გეტყვით, შვილმა როგორ ითანამშრომლა და რა ჩვენება მისცა გამოძიებას. მიმდინარეობს გამოძიება”, – აცხადებს თეიმურაზ კალანდაძე.
შეგახსენებთ, წუხელ გვიან ღამით საგარეჯოში, შეიარაღებულმა პირმა, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის აივნიდან მოქალაქეებს ავტომატით ცეცხლი გაუხსნა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაიღუპა 5 ადამიანი, მათ შორის ერთი პოლიციელი. დაღუპულები არიან – დავით ნასრაძე, ზაზა ჩიხლაძე, შაქრო მათიაშვილი, ნოდარ რჩეულიშვილი და ოთარ ღვინაშვილი. დაჭრილია კიდევ 5 ადამიანი, მათ შორის ერთის მდგომარეობა მძიმეა. არსებული ცნობით, თავდამსხმელმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, ის სპეცრაზმს ბინაში უკვე გარდაცვლილი დახვდა.