შუახევის მუნიციპალიტეტში ბარათაული-ახალდაბის სარწყავი არხის მოვლა-შენახვის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა
აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს ა(ა)იპ „აგროსერვის ცენტრი” სამელიორაციო სისტემების მართვის პროგრამის განხორციელებას აგრძელებს.
უწყების ცნობით, შუახევის მუნიციპალიტეტში ბარათაული-ახალდაბის სარწყავი არხის მოვლა-შენახვის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა.
“შესრულებული სამუშაოები აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრმა დაათვალიერა და ადგილზე გაეცნო არსებულ მდგომარეობას.
აღნიშნულ არხზე მოეწყო ფოლადის და გოფრირებული მილები. ბარათაული–ახალდაბის სარწყავი არხის საერთო სიგრძე 8.40 კილომეტრს შეადგენს. განახლებული სარწყავი სისტემით ისარგებლებს შუახევის მუნიციპალიტეტის სოფლების: ჭალის, ახალდაბისა და წყაროთის 123 ოჯახი, რაც ადგილობრივ ფერმერებს შესაძლებლობას მისცემს, უფრო ეფექტიანად აწარმოონ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა.
სამელიორაციო ინფრასტრუქტურის განვითარება აგროსერვის ცენტრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა, რომელიც მიზნად ისახავს სოფლის მეურნეობის მდგრად განვითარებას, ფერმერთა მხარდაჭერასა და სასოფლო-სამეურნეო მიწების პროდუქტიულობის ზრდას.
შეხვედრას, ესწრებოდნენ მინისტრის მოადგილეები გიორგი ფანცხავა, არჩილ ბერიძე, შუახევის მუნიციპალიტეტის მერი ომარ ტაკიძე, საკრებულოს თავმჯდომარე იაგო დავითაძე და აგროსერვის ცენტრის ხელმძღვანელი პირები”,- წერია ინფორმაციაში.
