ბოლნისში, როლანდ ისიანის სახელობის მინი საფეხბურთო სტადიონზე, ახალგაზრდა ფეხბურთელ ლევან უგულავას ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირის – „უგას თასის“ ფინალი გაიმართა

ქალაქ ბოლნისში, როლანდ ისიანის სახელობის მინი საფეხბურთო სტადიონზე, ახალგაზრდა ფეხბურთელ ლევან უგულავას ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირის – „უგას თასის“ ფინალი გაიმართა.

ფინალურ შეხვედრაში „ძველმა სკოლამ“ „კაზრეთი“ დაამარცხა და ტურნირის გამარჯვებული გახდა, ხოლო მესამე ადგილი „ფეოლამ“ მოიპოვა.

ფინალს ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი სვანიძე დაესწრო, რომელმაც ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გამარჯვებული გუნდები და ფეხბურთელები სამახსოვრო მედლებით დააჯილდოვა. ჩემპიონ გუნდს ტურნირის თასი ლევან უგულავას მამამ გადასცა. ტრადიციულად, პირველ, მეორე და მესამე ადგილებზე გასული გუნდები ლევან უგულავას მეგობრების მიერ დაწესებული ფულადი პრიზებით დაჯილდოვდნენ. ასევე გამოვლინდნენ სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული ფეხბურთელები.

„წელს ლევანის გარდაცვალებიდან 10 წელი გავიდა. ჩემთვის, როგორც მისი მეგობრისთვის, მნიშვნელოვანია, რომ „უგას თასი“ ტრადიციად იქცა“, – აღნიშნა გიორგი სვანიძემ.

„უგას თასი“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიისა და საფეხბურთო სკოლა „სიონის“ მხარდაჭერით უკვე მეშვიდე წელია ტარდება. წელს ტურნირში მონაწილეობა რვა გუნდმა მიიღო. შეჯიბრება ახალგაზრდებში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, ასევე ლევან უგულავას ხსოვნის პატივისცემას ემსახურება.

ფინალს ასევე ესწრებოდნენ საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო და ეთიკის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი მჭედლიძე, რომელიც ტურნირის ორგანიზებაში აქტიურად იყო ჩართული, სივრცით-ტერიტორიული მოწყობისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე იოსებ მუხაგულიშვილი, ფრაქცია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე ირაკლი ჯაფარიძე და მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი გიორგი გასვიანი.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები