აქციის მეოთხე დღე – “ბორჯომის” გაფიცულმა თანამშრომლებმა პრემიერს მიმართეს

“აიდიეს ბორჯომის” თანამშრომლები გაფიცვას აგრძელებენ. აქციის მეოთხე დღე დილიდან ხმაურით დაიწყო. ადგილზე რამდენჯერმე დაიძაბა ვითარება – მუშებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა, იყო სიტყვიერი შეურაცხყოფაც, თუმცა ვითარება მალევე განიმუხტა.

დღის ბოლოს გაფიცულმა თანამშრომლებმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მიმართეს:

მიუხედავად თქვენი განცხადებისა, რომ ბორჯომის საკითხთან დაკავშირებით სასიამოვნო სიახლეს გავიგებდით, სამწუხაროდ უკანონოდ გაათავისუფლეს 50 დასაქმებული. აშინებენ, აიძულებენ და ემუქრებიან დასაქმებულებს ხელი მოაწერონ კაბალურ პირობებს. ეწევიან პროვოკაციას და ცდილობენ ჩვენს ერთმანეთში დაპირისპირებას. ორი თვეა არ მიგვიღია ანაზღაურება და გვეუბნებიან, რომ მხოლოდ მაშინ მივიღებთ, როდესაც ხელს მოვაწერთ, ვართ უკიდურესი გაჭირვების წინაშე. ვითხოვთ ჩვენს ნაშრომს და თუ სახელმწიფო ვართ ვითხოვთ თქვენგან რეაგირებას. ნუ გვეტყვით, რომ ბორჯომის საკითხთან დაკავშირებით არაფერი იცით,  მადლობა გაფიცული ბორჯომელების სახელით”, – აცხადებენ თანამშრომლები.

ამასთან, ისინი 50 გათავისუფლებული თანამშრომლის სამსახურში დაუყოვნებლივ აღდგენას და ხელფასების დარიცხვას ითხოვენ.

“მივმართავთ პრემიერ–მინისტრს, გათავისუფლებული თანამშრომლები დაუყოვნებლივ დააბრუნოს სამსახურში. ამ ადამიანების გათავისუფლება სახელმწიფოსთვის არის კრახი. ეს ხალხი კარგად თუ არ იქნება, 50 კაცის გარდა, კიდევ არის 600 ადამიანი, ვისაც ხელფასი არ ჩარიცხვია. დაუყოვნებლივ ჩაურიცხონ ხელფასები და ადამიანებს ნუ ამყოფებენ ზეწოლის ქვეშ. ეს ხელფასი არის ამ ხალხის ნამუშევარი, ამ ხალხის გამომუშავებული ჰონორარი, რომელიც მეორე თვეა არ მიუღიათ. მივმართავთ ხელისუფლებას, მთლიან საქართველოს. დადგნენ ხალხის გვერდით და გააკეთონ ის რაც საჭიროა”, – აცხადებენ გაფიცულები.

 

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები