“ყველგან გამორთონ “მაინერები”, რომ ჩვენ გვქონდეს განვითარების საშუალება” – მესტიის მერი მოქალაქეების პროტესტს შეუერთდა

მესტიის მუნიციპალიტეტში “მაინერინგის” აკრძალვის მოთხოვნით მოსახლეობამ აქცია გამართა და პროტესტის ნიშნად, საავტომობილო გზა გადაკეტა. აქციაში მესტიის მერი, კახა ჟორჟოლიანიც მონაწილეობდა.
როგორც მერმა აღნიშნა, ადგილობრივების ნაწილის მიერ მუნიციპალიტეტში “მაინერების” ჩართვის გამო, მოსახლეობას ელექტროენერგია არ მიეწოდება.

“მინდა მოსახლეობას მივმართო, ყველგან გამორთონ “მაინერები”, რომ ჩვენ გვქონდეს განვითარების საშუალება. უნდა გამოვიდეს შესაბამისი განკარგულებები, რომ “მაინერინგი” მოისპოს სვანეთში. ყველას ვთხოვ, ვისაც ჩართული აქვს, გამორთონ, რომ მოსახლეობას, ბევრი ავადმყოფი გვყავს, ბევრი ინვალიდი, მივცეთ საშუალება, რომ არ გვყავდეს სიბნელეში”, – თქვა ჟორჟოლიანმა.

საპროტესტო აქცია მოქალაქეებმა მას შემდეგ შეწყვიტეს, რაც მათ თვითმმართველობის წარმომადგენლები გამოეხმაურნენ და დაჰპირდნენ, რომ პრობლემას რამდენიმე დღეში მოაგვარებენ.

კომპანია “ენერგო- პრო ჯორჯიაში” კი აცხადებენ, რომ ეს ახალი პრობლემა არაა და კომპანია მუშაობს ქსელში უკანონოდ მიერთებული ე.წ. მაინერების საწარმოების ჩახსნაზე.
როგორც “კვირას” “ენერგო პრო ჯორჯიაში” განუცხადეს, აღნიშნულის შესახებ ინფორმირებულია შინაგან საქმეთა სამინისტროც.

“მთლიანად მესტიას არა, თუმცა მოსახლეობის ნაწილს ხშირად ეთიშება ელექტროენერგია სწორედ ამ მიზეზით. იქ არის მაინერების ე.წ. საწარმოები უკანონოდ მიერთებული დენის წყაროებზე, რაც ტვირთავს ქსელს და ვერ უძლებს დიდ დატვირთვას. ჩვენ შარშანაც აღმოვაჩინეთ მსგავსი რამდენიმე საწარმო, რომელთაც ჩავუხსენით ქსელები, თუმცა წელს შეინიშნება მათი კიდევ უფრო მომრავლება. საქმის კურსშია პოლიციაც და ჩვენ როგორც კომპანია, ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში, ვაკეთებთ ყველაფერს, რათა ამ პრობლემამ მოსახლეობა აღარ შეაწუხოს.
ამასთან დაკავშირებით, აქტიურად ვთანამშრომლობთ როგორც ადგილობრი თვითმმართველობასთან, ისე პოლიციასთანაც” , – განაცხადა ავთო დვალიშვილმა.

ცნობისთვის, მაინერი ​ელექტრონული მოწყობილობაა, რომელიც კომპიუტერული გამოთვლების მეშვეობით ელექტრონულ ფულს გამოიმუშავებს, როგორებიცაა “ბიტკოინი”, “ეთერიუმი” და სხვა. “მაინერებს” მუშაობისთვის დიდი ოდენობით ელექტროენერგია სჭირდებათ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები