ნინო ლაცაბიძე: რუსთავის მოსახლეობა აირჩევს განვითარებას, წინსვლას და მშვიდ მომავალს – გარწმუნებთ, რომ ამ ქალაქს არავის დავუთმობთ

ჩვენ მთელი წინასაარჩევნო კამპანიის განმავლობაში ვსაუბრობდით რუსთავის სწორ განვითარებაზე – იმ გამოწვევებზე, რაც აწუხებს მოსახლეობას. დღესაც ამ გზიდან ჩვენ ვერავინ გადაგვიყვანს, ვინაიდან ზუსტად ვიცი, რომ ეს პროექტები ჩვენს ქალაქს მისცემს განვითარების მეტ შესაძლებლობას, – ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში „ქართული ოცნების“ რუსთავის მერობის კანდიდატმა, ნინო ლაცაბიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციური პარტიების კამპანია ტყუილზე იყო აგებული და ისინი ყველაფერს აკეთებდნენ, რათა მოსახლეობა შეცდომაში შეეყვანათ.

„მათ აქვთ სულ რამდენიმე დაპირება, ერთ-ერთი მათგანი ეხება ავტოფარეხების დაკანონებას და არარსებული მიწების საჩუქრად გადაცემა. მათ საარჩევნო კამპანიას არანაირი კავშირი არ აქვს ქალაქის განვითარებასთან. ვფიქრობ, ეს არის რუსთაველების შეურაცხყოფა. მათი ერთადერთი მიზანია ვიწრო პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოიყენონ ყველა უღირსი ხერხი და მიიღონ ხმების გარკვეული რაოდენობა. პრემიერმა გუშინ დაადასტურა ძლიერი მხარდაჭერა ჩვენი ქალაქის მიმართ. ამ პროექტების განხორციელებას სჭირდება უფრო მეტი თანხა ბიუჯეტში და ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერით ჩვენ ამ და კიდევ ძალიან ბევრ პროექტს განვახორციელებთ. გარწმუნებთ, რომ ამ ქალაქს არავის დავუთმობთ. ყველას ვთხოვ მოვიდნენ არჩევნებზე. მე ვფიქრობ, რომ რუსთავის მოსახლეობა აირჩევს განვითარებას, წინსვლას და იმ მშვიდ მომავალს, რომლისთვისაც ჩვენი გუნდი ყველაფერს გააკეთებს“, – აცხადებს ნინო ლაცაბიძე.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები