ირაკლი ღარიბაშვილი სურამის და ხაშურის ეპოსკოპოს სვიმეონს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სურამის და ხაშურის ეპოსკოპოს სვიმეონს ეწვია. მთავრობის მეთაურმა წმინდა ნიკოლოზის სახელობის მშენებარე ტაძარი დაათვალიერა და ტაძრის მშენებლობის შესახებ ინფორმაცია მოისმინა. მეუფე სვიმეონმა ირაკლი ღარიბაშვილი დალოცა და საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მეუფე სვიმეონმა მთავრობის მეთაურს მშენებარე სამონასტრო-საგანმანათლებლო კომპლექსის “ახალი ბანა” შესახებ ინფორმაცია მიაწოდა, რომელიც ტაო-კლარჯეთში მდებარე ბანას სამონასტრო კომპლექსის ანალოგია.

მეუფის თქმით, “ახალი ბანა” უმნიშვნელოვანესი პროექტია, რომელიც ეკლესიის და სახელმწიფოს ერთობლივი ძალისხმევით შენდება.

ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ აუცილებლად ჩაერთვება აღნიშნული პროექტის განხორციელებაში.

პრემიერ-მინისტრთან ერთად, მეუფე სვიმეონთან იმყოფებოდნენ პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა, ვიცე პრემიერი, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი და შიდა ქართლის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ვალერიან მჭედლიძე.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები