ძროხების სილამაზის კონკურსი – სოფელ დერცელის ტრადიცია

მაისის ბოლოს ადიგენის მაღალმთიან სოფელ დერცელში ულამაზეს სანახაობას შეესწრებით . აქ ადგილობრივები საზაფხულო საძოვრებზე წასასვლელად განსაკუთრებით ემზდებიან, ძროხებს სხვადასხვა სახის საღებავით და სამკაულებით რთავენ, რაც მთაში წასვლის სიხარულთან, გაზაფხულის მოსვლასა და პირუტყვის ავი თვალისგან დაცვასთან ასოცირდება.

მთაში წასვლამდე ოჯახები მზადებას რამდენიმე დღით ადრე იწყებენ. ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ტრადიცია სწორედ ძროხების შეღებვა და სადღესასწაულო მორთულობებით გალამაზებაა. ამ პროცესში ძირითადად ქალები მონაწილეობენ.

ადგილობრივებს ტრადიცია არც წელს დაურღვევიათ. გამგზავრებამდე რამდენიმე საათით ადრე პირუტყვი სხვადასხვა ფერის საღებავით, “ფუსკულებით”, გვირგვინებით და ფერადი რქებით შეამკეს და მთის გზას დაადგნენ.

გასული წლებისგან განსხვავებით, წელს ადგილობრივებმა ძროხების სილამაზის კონკურსიც მოაწყეს, ჟიური პირუტყვს ჰიგიენური მდგომარეობის, ვიზუალის და მორთულობიდან გამომდინარე აფასებდა. ყველას მოწონება „პეპელამ“ დაიმსახურა და საჩუქრებიც გადაეცა.

კონკურსი ქართულ–ფრანგული პროექტის, „კავკასიური რძის“ ფარგლებში გაიმართა, რომელიც “GBDC-Caucasia Akhaltsikhe Office“–ისა და სამცხე- ჯავახეთის ფერმერთა ასოციაცია „ერთობას“ ორგანიზებით ჩატარდა. პროექტის ხელმძღვანელის, ზურაბ ყულჯანიშვილის თქმით, რძის წარმოების განვითარების გარდა, ორგანიზაცია ცდილობს სოფელ დერცელის მოსახლეობას ტრადიციის შენარჩუნებაშიც დაეხმაროს.

„სოფელ დერცელის მთებში, ეს ულამაზესი ტრადიცია აქვთ. ჩვენი ვიზიტი ორ მიზანს ემსახურება, ერთის მხრივ, რომ წავახალისოთ ეს ადამიანები, მეტი სტიმული მივცეთ, რომ მომავალშიც გააგრძელონ ეს ტრადიცია და დავიწყებას არ მიეცეს და მეორეს მხრივ გვინდა, რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანმა ნახოს ეს ტრადიცია, შემდეგ წლებში ეწვიონ დერცელს და გაიზიარონ მათი ბედნიერება. მომავალში გვინდა, რომ ტრადიციად ჩამოვაყალიბოთ სილამაზის კონკურსი და უფრო მეტად ორგანიზებული იყოს. ეს ფერმერებს უფრო მეტ სტიმულს მისცემს, მეტად გაახალისებთ და შეეცდებიან ყოველ წელს უფრო მეტად ლამაზად მორთული ძროხა ყავდეთ“,– ამბობს ზურაბ ყულჯანიშვილი.

მთაში დერცელის მოსახლეები ხის ორსართულიან სახლებში ზაფხულის 2–3 თვეს ატარებენ, ამ პერიოდში რძის ნაწარმს ამზადებენ და შემოდგომაზე ყიდიან. პირველ სართულზე პირუტყვი ჰყავთ, მეორეზე კი თავად ცხოვრობენ.

წყარო: sknews

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები