ვარლამ გოლეთიანი: პოლიციასთან დაპირისპირებას ჩვენ ნამდვილად არ გამოვრიცხავთ

“ნამახვანჰესის” მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, ის არ გამორიცხავს პოლიციასთან დაპირისპირებას.

“დარბევას და პოლიციასთან დაპირისპირებას ჩვენ ნამდვილად არ გამოვრიცხავთ, იმიტომ, რომ 5-ჯერ დაგვარბიეს მთელი პროტესტის განმავლობაში. შესაბამისად, შესაძლებელია რაღაც მსგავსი მოხდეს. ჩვენ ამას არცერთ შემთხვევაში არ ვპროვოცირებთ, არ მიგვაქვს იერიში პოლიციაზე და გადასვლას არ ვცდილობთ არსად, ბარიკადს იქით. ჩვენ ვეცდებით მხოლოდ კომპანიას შეეშალოს ხელი, რომ აღარ გაგრძელდეს სამუშაოები,” – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

გუმათში ამ დრომდე ბლოკირებულია საავტომობილო გზა. “რიონის ხეობის მცველები” კომპანია “ენკას” ტექნიკას არ ატარებენ. ტერიტორიაზე მობილიზებულია პოლიცია, ადგილზე რამდენჯერმე მოხდა დაპირისპირებაც.

გვიან ღამით განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, საგანგებო განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. უწყების ინფორმაციით, აქციის მონაწილეების მხრიდან რკინის ჯებირების დაზიანების ფაქტებზე დაწყებულია გამოძიება.

“ნამახვანჰესის” მოწინააღმდეგეები კი აცხადებენ, რომ  წუხელ მათ გაღიზიანება გამოხატეს და ბარიკადებს მცირე დაზიანება აქვს.

ადგილზე მობილიზებულია წყლის ჭავლის მანქანებიც.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები