ევროკავშირის მხარდაჭერით, მესტიის მუნიციპალიტეტში 50 ახალი პროექტი განხორციელდება

ევროკავშირის მიერ ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში მხარდაჭერილი მესტიის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი (LAG) მუნიციპალიტეტში პირველ საგრანტო კონკურსის შედეგებს აცხადებს.

საგრანტო კონკურსში მონაწილეობა სულ 223-მა აპლიკანტმა მიიღო, საბოლოოდ კი 50 საპროექტო განაცხადი შეირჩა. კონკურსის შედეგად გამოვლენილი ინიციატივები მესტიის მუნიციპალიტეტის 17-ვე თემში განხორციელდება. მათ შორისაა სათემო პროექტები ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისთვის, კომერციული (ბიზნეს) ინიციატივები, არა-კომერციული ინიციატივები სოციალური მხადაჭერისა და თემის განვითარებისთვის.

საგრანტო კონკურსის მიზანია ადგილობრივი მოსახლეობის მიერ იმ სათემო და საწარმოო განვითარების ინიციატივების წამოწყების ან გაფართოების მხარდაჭერა, რომლებიც ზემო სვანეთის ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის პრიორიტეტებს შეესაბამება.

საგრანტო კონკურსი მესტიის მუნიციპალიტეტში ორ ეტაპად მიმდინარეობდა. პირველ ეტაპზე, განმცხადებლებმა წარმოადგინეს პროექტის იდეა, ხოლო მეორე ეტაპზე-სრული განაცხადი. პირველ ეტაპზე მიღებული 223 იდეის განხილვის შედეგად შეირჩა 125 განმცხადებელი. საგრანტო კონკურსის გამოცხადებას წინ უძღოდა აქტიური საინფორმაციო კამპანია პროექტის გუნდისა და ზემო სვანეთის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის მიერ. ინფორმაცია კონკურსის შესახებ ასევე ხელმისაწვდომი იყო მედიის საშუალებით.

კონკურსის მეორე ეტაპზე გადასულმა განმცხადებლებმა გაიარეს ინტენსიური გადამზადება ბიზნეს-გეგმის შედგენასა და ბიუჯეტირებაში, რომელიც დაეხმარათ მიეღოთ კვალიფიციური სექტორალურირჩევები და წარმოედგინათ მაღალი ხარისხის განაცხადი. შედეგად, გამოვლინდა 50 ყველაზე წარმატებული განაცხადი, რომლებიც ყველაზე მეტად შეესაბამებოდა საგრანტო კონკურსის მოთხოვნებს. სხვა მონაწილეებს მიეწოდათ შესაბამისი უკუკავშირი და რეკომენდაციები, რაც მათ მომავალში განაცხადის გაუმჯობესების საშუალებას მისცემს. სრული პროექტების განაცხადების 41% ქალების მიერ იყო წარმოდგენილი.

შერჩეული ინიციატივების 82% ხელს შეუწყობს მესტიის მუნიციპალიტეტში დასაქმების შესაძლებლობების გაზრდას და დასაქმების პირობების გაუმჯობესებას. პროექტების 35% კი გააუმჯობესებს მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფების წვდომას სოციალურ მომსახურებაზე, ინიციატივების 62%-ის სამიზნე მოსახლეობას მესტიის მუნიციპალიტეტში მცხოვრები სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენლები შეადგენენ. პროექტების უმრავლესობა ქალებისა და ახლგაზრდების ჯგუფების გაძლიერებისკენაა მიმართული. სხვა სამიზნე ჯგუფებს ასევე წარმოადგენენ შორეული თემების წარმომადგენლები, ხანდაზმულები, იძულებით გადაადგილებულ პირები და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანები.

სექტორების მიხედვით, პროექტების უმრავლესობა (30%) სათემო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას ემსახურება. რიგით მეორე სექტორი-ტურიზმია (24%), რომელიც მოიცავს ტურიზმის ინფრასტრუქტურისა და მომსახურების განვითარებას. პროექტების დიდი ნაწილი (18%) ასევე უკავშირდება სოფლის მეურნეობის წარმოებას. გამარჯვებული პროექტების 12% ხელს შეუწყობს განათლების, სპორტისა და ჯანდაცვის სექტორების განვითარებას. ინიციატივების დანარჩენი ნაწილი (8%-8%) კი თანაბრად ფარავს არა სასოფლო-სამეურნეო წარმოებისა და გარემოს დაცვის საკითხებს.

აღსანიშნავია, რომ სათემო ინფრასტრუქტურული პროექტების მხარდაჭერა განხორციელდა მესტიის მუნიციპალიტეტთან თანადაფინანსების სქემის საშუალებით. ქეა ავსტრიას, LAG-სადა მესტიის მუნიციპალიტეტის მიერ გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის შედეგად, სოფლის მხარდაჭერის პროგრამისა და პროექტის საგრანტო კონკურსის ფარგლებში ერთობლივ 11 სათემო ინიციატივას ჩაეყარა საფუძველი. ინიციატივებს შორისაა სპორტული მოედნების მშენებლობა 5 სხვადასხვა თემში, სოციალური სერვისებისა და კულტურული ცენტრების რეაბილიტაცია, სანიაღვრე არხისა და გზის რეაბილიტაცია. სამმხრივი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი უზრუნველყოფს ძლიერ და ეფექტურ პარტნიორობას და მონიტორინგს თანადაფინანსებული სათემო პროექტების განხორციელების სხვადასხვა ეტაპზე.

„ზემო სვანეთის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი აქტიურად ჩაერთო მხარდაჭერილი პროექტების შერჩევისა და პოპულარიზაციის საკითხში. პროექტის გუნდთან ერთად, ზემო სვანეთის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის წევრები თავად მონაწილეობდნენ განმცხადებლების საველე მონიტორინგისა და შერჩევის პროცესში. ისინი მომავალშიც აქტიურად გააგრძელებენ ინიციატივების მხარდაჭერას და პროექტებს შედეგებს გააცნობენ ფართო აუდიტორიას“ – აღნიშნულია ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პროექტი „საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში ეკონომიკური განვითარების მხარდაჭერა“ ევროკავშირის ENPARD პროგრამისა და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის მხარდაჭერით, ხორციელდება “ქეა ავსტრიისა” და PMC კვლევითი ცენტრის მიერ მესტიის მუნიციპალიტეტში. ევროპულ მიდგომაზე დაყრდნობით, პროექტი ემსახურება სოფლად ეკონომიკის განვითარებას და კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესებას, უზრუნველყოფს დაუცველი ჯგუფების, განსაკუთრებით ქალებისა და ახალგაზრდების ჩართულობას, და ბუნებრივი რესურსების მდგრად მართვას.

ევროკავშირი სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებას საქართველოში მხარს უჭერს ENPARD პროგრამის საშუალებით, რომელიც 2013 წლიდან ხორციელდება. პროგრამის საერთო ბიუჯეტია 234.5 მილიონი ევრო და მისი მთავარი მიზანია სოფლად ეკონომიკური შესაძლებლობების გაზრდა და საქართველოში სიღარიბის შემცირება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები