“ამ შენობაზე ათასი ზღაპარი მოვისმინე” – როლანდ ხოჯანაშვილი

 

ბლოგერი როლანდ ხოჯანაშვილი “ჯორჯიან მანგანეზის” გადაწყვეტილებას, ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატის შენობაში ადმინისტრაციული საქმიანობის შეწყვეტის შესახებ გამოეხმაურა. ხოჯანაშვილის თქმით, გადაწყვეტილებას მიესალმება და სურვილს გამოთქვამს, სხვა კომპანიებმაც გამოიჩინონ ახალგაზრდების განვითარებისთვის მსგავსი ინიციატივები.

“დღეს ჭიათურაში ვიყავი. გასული წლის 24 დეკემბრის მერე არ ვყოფილვარ ჩემს ქალაქში. უჩვეულოდ თბილი დღე იყო. თებერვალიც არაორდინალური გამხდარა. ჩანს, ყურადღების ქვეშ მოქცევა მაგასაც მოსწონს. თოვლიანი რომ იყოს, მაშინ არავის გაუკვირდებოდა. სამი წლის უნახავი მეგობარი ვნახე. ოპერაცია გაიკეთა გასულ წელს და მე მხოლოდ ტელეფონით მოვახერხე მისი ამბის გაგება. ათასი რამ გავიხსენეთ წარსულიდან: როგორ დავატარებდით ჩემს მოსწავლეებს აღმა-დაღმა, როგორ ვუხარებდით ჩემს პატარებს გულს და არა მარტო მათ. გურიაშიც კი ჩავედით რამდენჯერმე, რომ სოციალური სახლის ბენეფიციარებისთვის რამდენიმე საათი გაგველამაზებინა. ისიც გავიხსენეთ, როგორ ვმოგზაურობდით საქართველოს მთასა და ბარში. როგორ „დაგვეკარგნენ“ მეგობრები, ეგეც ამოვთქვით და ბოლოს მკითხა, რატომ არ წერ ტრესტზეო.
ტრესტი, ვინც ჭიათურელია, ყველამ იცის, რასაც გულისხმობს. ჭიათურის ცენტრში ყველაზე ლამაზი შენობა ეგაა. აქედან იმართებოდა სამთო წარმოება და თურმე, ახლა იქ მენეჯმენტი აღარაა განთავსებული.
ამ შენობაზე ათასი ზღაპარი მოვისმინე დღეს.
ყიდიან.
ანგრევენ.
საროსკიპოს (ბორდელს) ხსნიან.
სასტუმროს აპირებენ.
კიდევ იყო რაღაც აზრები.

„ჯორჯიან მანგანეზი“, თუ არ ვცდები, 49 წლით ოპერირებს ჭიათურაში სამთო მოპოვების ლიცენზიით. 49 წლის მერე არავინ იცის, იქნება თუ არა კიდევ მანგანუმი. რამდენია მანგანუმი, ამის პროგნოზი არსებობს, მაგრამ ზუსტად განსაზღვრა წარმოუდგენელია. და რატომ გადავიდა კომპანიის მენეჯმენტი სხვა შენობაში? ან დატოვებულ შენობაში რის გაკეთებას აპირებენ?!

თან „იმერვიზიაში“ მიმიწვიეს, კითხვები გვაქვს და როგორც აქტიურ მოქალაქეს, მოსაზრებები გვითხარიო. დავთანხმდი. ზოგადად, ტელემედია ჩემი სფერო არაა, მაგრამ კამერასთან მიყვარს ყოფნა. ასე უკეთ ვხედავ, როგორ შევიცვალე წლების სიმძიმით.

კიდევ იყო სამი სტუმარი. ერთი _ ძველი ნაცნობი (თეონა სხირტლაძე, ძალიან ლამაზი გოგო!), ერთი მოსწავლე (რა ვიცი, ასეთი ყოჩაღები რად არ ვიყავით ჩემი თაობის ბავშვები ნეტავ?!) და კიდევ ერთი მეკლდეური (ძალიან გამხდარი ახალგაზრდა კაცი, შურით ვუყურებდი მის „უწონობას“) .
თურმე „ტრესტი“ ფუნქციურად იცვლება. მენეჯმენტი აღარ იქნება იქ და ქალაქს სთავაზობს კომპანია, მიდით, რამეში გამოიყენეთ, კომუნალურ გადასახადებს ჩვენ გადავიხდით, ახალგაზრდულ და „ძველგაზრდულ“ იდეებს ხორცი შეასხით, ხელს შეგიწყობთო.
რა უნდა თქვა ამ დროს?!
ტელევიზიაში ვთქვი და ვიმეორებ: ნეტავ სხვაც შესთავაზებდეს მოსახლეობას ასეთ, ან უკეთეს წინადადებებს. მე ძალიან გამიჭირდება 30 კილომეტრის მოშორებული სოფლიდან ამ სივრცის გამოყენება, მაგრამ ზოგჯერ ბავშვებსა და კოლეგებს რომ შევხვდე, მოვუსმინო, მომისმინონ, რამე დაშავდება?! მგონი, არაფერი! თან, ვიცი, ამ შენობაში ერთი ლამაზი დარბაზია, სადაც სიამოვნებით შევხვდებოდი კოლეგებს „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში, გამოცდილებას გავუზიარებდი და კიდევ, ბავშვებსაც დავაკვირდებოდი, როგორია დღევანდელი „შეცდომების პედაგოგიკის“ მდგომარეობა!
ოღონდაც ეს კოვიდ-19 წავიდეს და გპირდებით, კოლეგებო და ბავშვებო, აუცილებლად შეგხვდებით „ტრესტში“! “,- წერს ბლოგერი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, კომპანია “ჯორჯიან მანგანეზმა” გაავრცელა განცხადება, რომ ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატის შენობაში საქმიანობას წყვეტს. “ტრესტის” შენობა ახალ სიცოცხლეს შეიძენს და ძირითადად, ახალგაზრდების განვითარებას დაეთმობა.
“შენობას საზოგადოებრივ-საგანმანათლებლო ცენტრის დატვირთვა ექნება და, ძირითადად, ორიენტირებული იქნება ადგილობრივი ახალგაზრდებისა და ბავშვების მხარდაჭერაზე.

ცენტრი ყველა პირს ან ორგანიზაციას, მათ შორის, არასამთავრობო სექტორს შესაძლებლობას მისცემს, განახორციელოს საგანმანათლებლო, კულტურული, შემეცნებითი, ტურისტული მიმართულების, ასევე, ახალი ბიზნესპროექტები.
კომპანია მიიჩნევს, რომ ეს საუკეთესო საჩუქარია ქალაქისთვის, რაც ადგილობრივ მოსახლეობას შესაძლებლობას მისცემს, ყველა ის საქმიანობა განახორციელოს, რაც ჭიათურის კეთილდღეობას ხელს შეუწყობს. დაინტერესებული პირებისა და ჯგუფებისთვის შენობის სივრცის დათმობის გარდა, „ჯორჯიან მანგანეზი“ მზად არის, ყველა საინტერესო პროექტსა და ინიციატივას მხარი დაუჭიროს.
ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატის შენობიდან ადმინისტრაციის გასვლის საფუძველი კომპანიაში ცოტა ხნის წინ ჩატარებული რესტრუქტურიზაცია გახდა. რესტრუქტურიზაციის საფუძველზე, კომპანიის საწარმოო ობიექტები მმართველობაში კერძო ფირმებს გადაეცათ და ისინი „ჯორჯიან მანგანეზის“ ლიცენზიის ქვეშ მუშაობენ.
კომპანია მიიჩნევს, რომ ეს ბიზნესსაქმიანობის წარმართვის ეფექტური ფორმაა, რამაც მენეჯმენტსა და დასაქმებულ პირთა ურთიერთობა მოქნილი, ხოლო კერძო ფირმების საქმიანობა უფრო ქმედითი გახადა“,- აღნიშნული იყო კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები