“ამბობენ, რომ მათ მიცვალებულთა ნაბიჯების ხმაც კი ესმით” – ქვემო სვანეთში „სულების კვირეული” დაიწყო

ქვემო სვანეთში სულების კვირეული “ლიფაანალ” დაიწყო. ადგილობრივები ამ დღეებისთვის განსაკუთრებულად ემზადებიან. აბსოლუტურად ყველა საოჯახო ნივთი და ავეჯიც კი (სკამ-მაგიდა) ირეცხება და იხეხება. სამზადისი დილიდან იწყება  რომ მიცვალებულთა სულებს, რომლებიც მათი აზრით, სტუმრად მიდიან, ყველაფერი უხვად დახვდეთ. სვანების რწმენით, გარდაცვლილთა სულები თავიანთ ოჯახებს სტუმრობენ და გაცილებამდე იქვე რჩებიან. „სტუმრობა“მომდევნო კვირამდე გრძელდება. მართლმადიდებელი ეკლესია თვლის, რომ ეს ქრისტიანული მიდგომა არაა, ამიტომაც მასობრივად აღარ აღინიშნება, თუმცა ტრადიცია ბევრ ოჯახში მაინც გრძელდება. სულების მასპინძლობა ამოუცნობი, მისტიური დღესასწაულია, რომელიც მათი აზრით, ცოცხლებს გარდაცვლილებთან ახვედრებს.
ამ დღეს ყველაფერი ძვირფასი უნდა იდოს სუფრაზე, განსაკუთრებულად გამოაწყობენ ხოლმე ბავშვებს.
საოცარი სიჩუმე ისადგურებს, როცა კარი იღება და ოჯახის მასპინძელი ეპატიჟება სულებს, ამბობენ, რომ მათ მიცვალებულთა ნაბიჯების ხმაც კი ესმით, უხვად დატვირთულ სუფრას და ახლადამცხვარ კუბდარებს შემოპატიჟებისას ცხელი ორთქლი ასდის.
ოჯახის უფროსი კარს უღებს და სტუმრებს სუფრასთან იპატიჟებს. ჩვენს მასპინძლებს, ლენტეხელ ნანული ონიანს და სერგო ლიპარტელიანს, რომელსაც „რეგიონული კვირა“ ამ რიტუალის გადასაღებად ეწვია, სჯერათ, რომ ერთი კვირის მანძილზე ოჯახში მარტონი არ არიან, მათი ადრეულ ასაკში გარდაცვლილი შვილი და ყველა წინაპარი სტუმრობთ და გაცილებამდე ერთად ცხოვრობენ.
«ამ დღეს ძალიან ბევრნი ვართ, არავინ გვაკლია, ყველანი ცოცხლები ვართ, არაფერი ხდება არაუფლისმიერად, ყველა ტრადიციას რწმენასთან აქვს ღრმა კავშირი, ამიტომ ამ ტრადიციით მგონი არაფერს ვაშავებთ, არ უნდა დავკარგოთ ძველი ტრადიციები“,-ამბობენ მასპინძლები.

მარინე სვანიძე

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები