ზურაბ პატარაძემ მუსლიმ მრევლს ყურბან ბაირამის დღესასწაული მიულოცა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ, რეგიონის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან ცოტნე ანანიძესთან, ბათუმის მერთან გიორგი ცინცაძესთან და მთავრობის წევრებთან ერთად, მუსლიმ მრევლს ყურბან ბაირამის დღესასწაული მიულოცა.
ზურაბ პატარაძემ აღნიშნა, რომ დღესასწაული ქველმოქმედების და თანადგომის სიმბოლოა, რაც კიდევ უფრო აძლიერებს რეგიონში არსებულ მრავალსაუკუნოვან მეგობრობასა და ურთიერთპატივისცემას.
,,დღეს ჩვენს მუსლიმ მოსახლეობასთან, ჩვენს დებთან და ძმებთან ერთად აღვნიშნავთ ყურბან-ბაირამის დღესასწაულს. ყურბან-ბაირამი დაფუძნებულია ქველმოქმედებაზე, სიყვარულზე, თანადგომაზე და იმ ღირებულებებზე, რომლებიც ყოველთვის გამოარჩევდა ჩვენს ქვეყანასა და რეგიონს. განსაკუთრებით დასაფასებელია ის ერთობა და თანადგომა, რომელიც ჩვენს საზოგადოებაში არსებობს, რაც ნათლად გამოჩნდა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების დღეებში – მაშინ, როდესაც ჩვენმა მუსლიმმა ძმებმა და დებმა ეს ტკივილი ჩვენთან ერთად გაიზიარეს და უარი თქვეს რამაზან ბაირამის საზეიმო აღნიშვნაზე. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენი სიძლიერე ერთმანეთის გვერდით დგომაში და ურთიერთპატივისცემაშია” – განაცხადა ზურაბ პატარაძემ.
სადღესასწაულო ლოცვა ბათუმის ცენტრალურ მეჩეთში შესრულდა.
