ზურაბ პატარაძემ ხულოს მუნიციპალიტეტში მიმდინარე სპორტული ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა

დაბა ხულოში თანამედროვე სტანდარტების სასპორტო სკოლის მშენებლობა და საფეხბურთო სტადიონის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე მუნიციპალიტეტის მერთან, ვახტანგ ბერიძესთან ერთად გაეცნო. ინფორმაციას აჭარის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ რეგიონში თანამედროვე სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია და მსგავსი პროექტები ახალგაზრდებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას ემსახურება.

„ხულოს მუნიციპალიტეტში სხვადასხვა მნიშვნელოვანი ობიექტი დავათვალიერეთ. ხულო ნამდვილად არის სპორტსმენებისა და ჩვენი ჩემპიონების სამჭედლო, ამიტომ ამ მიმართულებით ფოკუსირება არის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი ჩვენი ხელისუფლებისთვის.

ხულოს დაბაში შენდება ახალი მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსი, სადაც სპორტის სხვადასხვა სახეობის სექციები ამოქმედდება. ასევე, ეწყობა საფეხბურთო მოედანი, რომელიც 450 მაყურებელზე იქნება გათვლილი. ვფიქრობ, აღნიშნული კომპლექსი ხელს შეუწყობს ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას და აღზრდის არაერთ ჩემპიონს.

დღესვე, სოფელ ღორჯომის ცენტრში დავათვალიერეთ მრავალფუნქციური დანიშნულების სპორტული დარბაზი. ძალიან სასიამოვნო იყო დღეს ადგილზე გვემსჯელა ახალგაზრდა სპორტსმენებთან. ეს და სხვა მნიშვნელოვანი ღონისძიებები, რომელიც დაგეგმილია ხულოს მუნიციპალიტეტში, არის ჩვენი მომავალი და ჩვენი ახალგაზრდა თაობის გაძლიერება “- განაცხადა ზურაბ პატარაძემ.

დაბა ხულოში სპორტული კომპლექსის პროექტის ფარგლებში ხორციელდება არსებული ამორტიზებული სპორტსკოლის დემონტაჟი და მის ადგილას სამსართულიანი, თანამედროვე სტანდარტების ახალი შენობის მშენებლობა მიმდინარეობს. შენობა სრულად იქნება მორგებული მრავალფუნქციურ სპორტულ საქმიანობაზე და აღიჭურვება შესაბამისი ინფრასტრუქტურითა და უსაფრთხოების თანამედროვე სისტემებით.

დაგეგმილი ინფრასტრუქტურა მოიცავს სპორტულ, სარეკრეაციო და ადმინისტრაციულ სივრცეებს. გათვალისწინებულია არანაკლებ 200 მაყურებელზე გათვლილი საჭიდაო დარბაზი.

პროექტი ასევე ითვალისწინებს ფიფას სტანდარტების შესაბამის ხელოვნურსაფარიანი საფეხბურთო მოედნის მოწყობას, რომელიც სპორტული განათების სისტემით იქნება აღჭურვილი. სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდება სტადიონის შენობაზეც.

დღესვე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძე სოფელ ღორჯომში დაათვალიერა თანამედროვე სტანდარტების სპორტული დარბაზი, რომლის მშენებლობაც დასრულდა. ორსართულიანი სპორტული კომპლექსი სრულად აღიჭურვა შესაბამისი ინვენტარით და ადაპტირებულია შშმ პირებისთვის. ახალი ინფრასტრუქტურით უკვე სარგებლობს ღორჯომის თემის მოსახლეობა.

მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად მიმდინარე სამუშაოებს გაეცნენ საქართველოს პარლამენტის წევრი ანზორ ბოლქვაძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ედნარ ნატარიძე, აჭარის პროექტების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი ლევან კვანტალიანი, ასევე მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები