გორში „საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი 2023“ გაიხსნა
გორში 5 წლიანი პაუზის შემდეგ „საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი 2023“ გაიხსნა. ღონისძიება 30 სექტემბრის ჩათვლით გრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.
“ფესტივალში მონაწილეობას იღებენ საქართველოში არსებული აკადემიური და საბავშვო საგუნდო კოლექტივები. ასევე, პროფესიული გუნდები უცხოეთიდან. ღონისძიება გორის მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებითა და გიორგი ერისთავის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატული თეატრის ორგანიზებით იმართება.
გორში საგუნდო მუსიკის ტრადიციას დიდი ისტორია აქვს. ფესტივალი დიდი მაესტროს შალვა მოსიძის სახელთანაა დაკავშირებული, რომელმაც საერთაშორისოდ აღიარებული გორის ქალთა კამერული გუნდის შექმნას ჩაუყარა საფუძველი. სწორედ აღნიშნული გუნდის არსებობა იყო წინაპირობა პირველად საერთაშორისო საგუნდო მუსიკის ფესტივალის დაარსებისა. ღონისძიება უმნიშვნელოვანესი კულტურული მოვლენა იყო არა მარტო გორისთვის, არამედ მთელი საქართველოსთვის.
ღონისძიების მიზანია ქართული საგუნდო საშემსრულებლო ტრადიციების შენარჩუნება, განვითარება და პოპულარიზაცია, შემოქმედებითი ურთიერთობების დამყარება უცხოეთის საგუნდო კოლექტივებთან და მათი შემოქმედების გაცნობა მსმენელისთვის. ბილეთების შეძენა შესაძლებელია როგორც თეატრის სალაროებში, ასევე ვებგვერდის – biletebi.ge საშუალებით”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.