ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში რიგით 113-ე შეხვედრა დღეს გაიმართება. მონაწილეები საოკუპაციო ხაზთან, წინა შეხვედრიდან დღემდე მომხდარ ინციდენტებს განიხილავენ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის, ირაკლი ანთაძის განცხადებით, წინა შეხვედრის მსგავსად, დღეს მთავარი საკითხი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლება იქნება. მისივე თქმით, ამ დროისთვის დე ფაქტო რეჟიმის უკანონო პატიმრობაში საქართველოს შვიდი მოქალაქე რჩება.
უსაფრთხოების გარდა მხარეებმა ჰუმანიტარულ საკითხებზეც იმსჯელებენ.
„დღევანდელ შეხვედრაზე მთავარი აქცენტი გაკეთდება უკანონოდ დაკავებული ჩვენი მოქალაქეების უპირობო გათავისუფლების საკითხზე. განვიხილავთ წინა შეხვედრიდან დღემდე უკანონო ბორდერიზაციის ყველა შემთხვევას. ასევე საუბარი გვექნება საოკუპაციო ხაზის გასწვრივ თავისუფალი გადაადგილების კუთხით არსებული პირობების გაუმჯობესებაზე.
დღეის მდგომარეობით, შვიდი მოქალაქე რჩება უკანონო პატიმრობაში. რაც შეეხება უკანონო პატიმრობაში მყოფ პირებს, რომელთა სასამართლო პროცესი უნდა ყოფილიყო, ამაზე მხარეებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გვექნება ინფორმაცია“,- განაცხადა ირაკლი ანთაძემ.