ვანში, სოფელ ბზვანში 120 მოსწავლეზე გათვლილ საჯარო სკოლის შენობას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა

ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბზვანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სასწავლო წელი ახალ გარემოში დაიწყეს. რეაბილიტირებული საჯარო სკოლა, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ვალერიან გობრონიძესთან და ვანის მუნიციპალიტეტის მერ ალექსანდრე გოგორიშვილთან ერთად დაათვალიერა და მოსწავლეებს წარმატებული სასწავლო წელი უსურვა.

“ბზვანის საჯარო სკოლის მოსწავლეები სასწავლო წელს ახალ რეაბილიტირებულ და შეიძლება ითქვას მთლიანად ახლად აშენებულ სკოლაში განაახლებენ. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მათ აქვთ აბსოლუტურად თანამედროვე სტანდარტის ინფრასტრუქტურულ პირობებში სწავლის გაგრძელების საშუალება, ისევე როგორც დანარჩენი შვიდი სკოლის მოსწავლეებს, რომელთა სკოლის რეაბილიტაცია უკვე დავასრულეთ წინა წელს. პრემიერ მინისტრის მიერ ინიცირებული პროგრამის 800 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციის ფარგლებში, ამ ეტაპზე რეგიონში დამატებით რვა სკოლის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რომელიც დასრულდება 2023 წელს. გარდა ამისა რეგიონის მასშტაბით მიმდინარე წელს იგეგმება საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, როგორც სკოლების ასევე, ბაღების მიმართულებით და ჩვენ გარკვეული პერიოდის შემდეგ ისევ ვიზეიმებთ მსგავსი პირობების მქონე შენობების გახსნას“, – განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

ვანის მუნიციპალიტეტის, სოფელ ბზვანის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია ცენტრალური ბიუჯეტიდან (მუნიციპალური განვითარების ფონდი) 2 658 630 ლარით დაფინანსდა.

პროექტის ფარგლებში მოეწყო საკლასო ოთახები, საპირფარეშოები, სპორტული მოედნები და ეზოს ტერიტორია. ასევე, დამონტაჟდა გათბობის, წყალმომარაგების და კანალიზაციის სისტემები. სკოლა სრულად არის ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები