მამაკაცი, რომელმაც ყოფილ მეუღლეს ბენზინი შეასხა და მოკლა რეანიმაციაში იმყოფება – ახალი დეტალები თერჯოლაში მომხდარზე
მამაკაცი, რომელმაც თერჯოლაში, სუპერმარკეტში ყოფილ მეუღლეს საწვავით სავსე ბოთლი ესროლა, კლინიკაში იმყოფება. ექიმის განმარტებით, მან სხეულის 60-70%-იანი, მესამე-მეოთხე ხარისხის დამწვრობა მიიღო.
როგორც სამედიცინო ცენტრ „იმერმედის“ ექიმმა, თინათინ ჩაფიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, პაციენტი კლინიკაში შოკურ მდგომარეობაში შეიყვანეს. ის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. მისივე თქმით, 41 წლის მამაკაცის სიცოცხლეს ამ ეტაპზე, საფრთხე არ ემუქრება.
„პაციენტი უმძიმეს შოკურ მდგომარეობაში დაახლოებით, 20:20 საათზე შემოიყვანეს. სხეულის დაახლოებით, 60-70%-იანი, მესამე-მეოთხე ხარისხის დამწვრობა იყო. ის შეყვანილია რეანიმაციულ განყოფილებაში შემდგომი მკურნალობის და დაკვირვების მიზნით“, – განაცხადა ექიმმა.
რაც შეეხება, უშუალოდ მომხდარს, თვითმხილველები ჰყვებიან, რომ მაღაზიის მენეჯერს ყოფილმა ქმარმა ცეცხლი შურისძიების მიზნით წაუკიდა. მამაკაცს წარსულში კონფლიქტის გამო შემაკავებელი ორდერი ჰქონდა გამოწერილი. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი რამდენიმე საათის წინ მაღაზიაში მივიდა, მეუღლეს საწვავით სავსე ბოთლი ესროლა და ცეცხლმოკიდებული ოთახში გამოკეტა. შემთხვევის დროს მამაკაციც დაშავდა, მან გარეთ გამოსვლა მოასწრო, ქალი კი ადგილზე დაიღუპა.
ცნობისთვის, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა – 109-ე მუხლით დაიწყო, რაც ოჯახის წევრის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.