ზამთრის სეზონისთვის მოსამზადებელ სამუშაოებთან დაკავშირებით გუდაურში შეხვედრა გაიმართა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „მთის ტრასების სააგენტოს“ (MTA), მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და მთის კურორტების ბიზნეს ასოციაციის ორგანიზებით, გუდაურში სამუშაო შეხვედრა გაიმართა ყველა იმ ოპერირებად უწყებასთან და კერძო სექტორთან, რომლებიც კურორტზე აქტიურად პოზიციონირებენ.

შეხვედრაზე განხილული იყო სეზონის მოსამზადებელი სამუშაოები, არსებული გამოწვევები, მათი გადაჭრის გზები და კოორდინირებული მუშაობის სტილი, რომელიც სამთო-სათხილამურო კურორტის განვითარებას შეუწყობს ხელს.

შეხვედრას დაესწრო მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული, დუშეთისა და ყაზბეგის მერები, მთის ტრასების სააგენტოს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, მთის კურორტების ბიზნეს ასოციაციისა და სხვა ყველა შესაბამისი უწყების წარმომადგენლები.

„იმისთვის, რომ სეზონს მომზადებული შევხვდეთ, საჭიროა, ყველა უწყებამ კოორდინირებულად ვიმუშაოთ. შეხვედრაზე განვიხილეთ არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები. უწყებათა შორის ფუნქცია-მოვალეობები კარგად არის განაწილებული, შესაბამისად, იმედს ვიტოვებთ, რომ ზამთრის 2022-2023 წლის სეზონს ღირსეულად შევხვდებით“,- განაცხადა მთის ტრასების სააგენტოს დირექტორმა ირაკლი ბურჭულაძემ.

როგორც მთის კურორტების ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა გეგა სალუქვაძემ განაცხადა, მოხარულია, რომ ბიზნეს ასოციაციის ფორმატში მოხერხდა კურორტზე მოქმედ ბიზნესსა და ხელისუფლებას შორის შეხვედრა.

„მოხარულები ვართ, რომ ბიზნეს ასოციაციის ფორმატში მოხერხდა კურორტზე მოქმედ ბიზნესსა და ხელისუფლებას შორის შეხვედრა. ზედმიწევნით მოისმინა ორივე მხარემ გამოწვევები, მოხდა საინტერესო იდეების გაცვლა-გამოცვლა. ვფიქრობ, რომ ეს ძალიან მოკლე ხანში გამოიღებს შედეგს“, – განაცხადა გეგა სალუქვაძემ.

ამასთან, მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის დავით ნოზაძის თქმით, სეზონის გახსნასთან დაკავშირებით ნაყოფიერი შეხვედრა შედგა.

„ნაყოფიერი შეხვედრა გაიმართა გუდაურში სეზონის გახსნასთან დაკავშირებით, რომელსაც ესწრებოდა, როგორც კერძო სექტორის წარმომადგენლები , ასევე სახელმწიფოს მხრიდან ყველა შესაბამისი უწყება, რომელიც უშუალოდ ჩართულია კურორტის სწორად ფუნქციონირებასა და განვითარებაში. მოვისმინეთ მათი გამოწვევები და საჭიროებები, ჩვენი მხრიდან გარკვეულ საკითხებზე ინფორმაცია იქნა მიწოდებული, რომელიც გადაჭრილია და უკვე ნამუშევარი აქვს სახელმწიფო უწყებებს. გამოწვევებსა და საჭიროებებზე კვლავ გაგრძელდება მუშაობა და მომავალშიც გაიმართება მსგავსი სახის შეხვედრები, სწორედ იმიტომ , რომ სახელმწიფომ და კერძო სექტორმა სწორად იფუნქციონიროს“,- განაცხადა დავით ნოზაძემ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები