ნინო ლაცაბიძე: დღეს რუსთაველები ველოდებით ქმედებას და შედეგს, კომპანია ,,რუსთავის წყალმა” უნდა წარმოადგინოს კონკრეტული გეგმა კონკრეტული ვადებით, ბოდიში უკვე შედეგს არ გამოიღებს

რუსთავის წყალმომარაგების სფეროში არსებული სიტუაციისა და სალიცენზიო პირობების დარღვევის გამო, სემეკმა კომპანია ,,რუსთავის წყალი” 50 000 ლარით დააჯარიმა. გადაწყვეტილება საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ დღეს, რუსთავის მერის მოთხოვნით ჩანიშნულ სხდომაზე გააჟღერა. კომპანიას ფულადი ჯარიმის გარდა, მიმდინარე წლის 19 სექტემბრამდე, რუსთავში შესასრულებელი სამუშაოს გეგმა-გრაფიკის წარდგენის ვალდებულებაც დაეკისრა.

,,დღეს რუსთაველები ველოდებით ქმედებას და შედეგს, კომპანია ,,რუსთავის წყალმა” უნდა წარმოადგინოს კონკრეტული გეგმა კონკრეტული ვადებით, ბოდიში უკვე შედეგს არ გამოიღებს.

ახლა, როცა ამ საკითხს ვიხილავთ, რუსთავის ნახევარი პარალიზებულია, ძალიან მძიმე მდგომარეობა გვაქვს ქალაქში და ეს მდგომარეობა გრძელდება მთელი ზაფხულის განმავლობაში.

მე არასდროს არ გავურბივარ პასუხისმგებლობას და მესმის, რომ წყლის მიწოდების ასეთი ხშირი შეწყვეტა იწვევს მოსახლეობის ძალიან დიდ გაღიზიანებას მერიის მიმართაც. ჩვენ მოსახლეობას ვერ ვეტყვით, რომ ეს ჩვენი გასაკეთებელი საქმე არაა, შესაბამისად, ხშირ შემთხვევაში, ჩვენი რესურსი იხარჯება ისეთი საქმის კეთებაზე, რასაც კერძო კომპანია უნდა აკეთებდეს. რუსთავში დღეს ძალიან ბევრი ახალი პროექტი გვაქვს და ყველაფერი კარგავს აზრს, როცა დღეების განმავლობაში, მოსახლეობა უწყლოდაა დატოვებული. რუსთაველებმა უნდა დაინახონ კონკრეტული გეგმა და ქმედება, გეგმა უნდა იყოს გაწერილი კონკრეტულ მისამართებზე, კონკრეტული ვადებით და მისი შესრულების მონიტორინგში ჩართული უნდა იყოს სემეკი. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნულ კომისიას, ჩვენს მომართვაზე ასეთი მყისიერი რეაგირებისთვის, იმ სწორი გადაწყვეტილებისთვის და სწორი აქცენტებისთვის, რაც დღევანდელ სხდომაზე გაკეთდა”- განაცხადა  ნინო ლაცაბიძემ.

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას განცხადებით, სემეკი მზადაა კომპანიასთან და მუნიციპალოიტეტთან ერთად, სრულად ადგილზე შეისწავლოს რუსთავის წყალმომარაგებაში არსებული პრობლემები. დავით ნარმანიას განცხადებით, სემეკი დაიწყებს ,,რუსთავის წყლის”, გარდაბნის გამწმენდი ნაგებობის და თბილისის წყლის შერწმის პროცესს, რაც უფრო მოქნილს გახდის ამ სისტემას. ,,მარეგულირებელმა კომისიამ, კომპანიის დაჯარიმების გადაწყვეტილება მიიღო და ამავდროულად, დაავალა კომპანიას, 19 სექტემბრამდე წარმოადგინოს ინფორმაცია იმ აუცილებელი საინვესტიციო პროექტების შესახებ, რომელთა განხორციელებამ უნდა გააუმჯობესოს რუსთავში წყალმომარაგება, შეამციროს ავარიები და სისტემა გახადოს უფრო ქმედითი.”-განაცხადა საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანიამ.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნულ კომისიაში დღეს გამართულ შეხვედრას, რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში, ირაკლი შატაკიშვილი დ რუსთავის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების” წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

კომპანია ,,რუთავის წყალმა” რუსთავში შესასრულებელი სამუშაოს გეგმა 2023 წლის 31 დეკემბრამდე უნდა გაწეროს და საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელ კომისიას, მიმდინარე წლის 19 სექტემბრამდე უნდა წარუდგინოს. ვადების დარღვევას კომპანიას, სემეკი სალიცენზიო პირობების დარღვევად ჩაუთვლის.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები