ბოლნისში სოფელ ქვემო არქევანიდან სოფელ ხატავეთისკენ მიმავალ საავტომობილო მონაკვეთზე ბეტონის გზა მოეწყო

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროს კონსტანტინე კორძაძესთან, ადმინისტრაციის სამსახურის უფროს პაპუნა მუშკუდიანთან და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე რასულ ბახტიაროვთან ერთად სოფელ ქვემო არქევანიდან სოფელ ხატავეთისკენ მიმავალი საავტომობილო გზის მოწყობის დასრულებულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.

ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, 1 715 გრძივ მეტრზე ბეტონის გზა მოეწყო, დასახლებულ პუნქტებში კი ღია სანიაღვრეებიც გაკეთდა. სამუშაოები “რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა” და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა და მისმა სრულმა ღირებულებამ 1 275 000 ლარი შეადგინა.

“სოფელ ქვემო არქევანიდან სოფელ ხატავეთისკენ მიმავალი საავტომობილო გზის მოწყობა დასრულდა. 1 715 გრძივ მეტრზე ბეტონის გზა გაკეთდა, რომელიც ექსპლუატაციის ხანგრძლივი ვადით გამოირჩევა. ამ გზით სამი სოფლის 1900 ბენეფიციარი ისარგებლებს და დამეთანხმებით, რომ მოწესრიგებული საგზაო ინფრასტრუქტურა სოფლის განვითარებისთვის მართლაც რომ მნიშვნელოვანია. აღსანიშნავია, რომ წელს, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, “რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა” და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ახალი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის 6 438 249 ლარი დაიხარჯება”, – განაცხადა დავით შერაზადიშვილმა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები