რუსლან აბაშიძე: გაეროს რეზოლუცია ქართული დიპლომატიის მორიგი გამარჯვებაა

რუსლან აბაშიძე გაეროს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის ფარგლებში მიღებულ საქართველოს მხარდამჭერ რეზოლუციას გამოეხმაურა.

მისი თქმით, გაეროს რეზოლუცია ქართული დიპლომატიის მორიგი გამარჯვებაა.

„2022 წლის 8 ივნისს, გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ, 76-ე სესიის ფარგლებში, 95 სახელმწიფოს მხარდაჭერით მიიღო რეზოლუცია – „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“. რეზოლუცია კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. რეზოლუცია შეგვიძლია მივიჩნიოთ, როგორც მსოფლიოში გავრცელებული პოზიციის გამოხატულებად.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სახელით მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს მთავრობას, თითოეულ ქართველ დიპლომატს გაწეული შრომისთვის და ყველა იმ სახელმწიფოს, რომელმაც რეზოლუციას მხარი დაუჭირა.
გაეროს რეზოლუცია ქართული დიპლომატიის მორიგი გამარჯვებაა. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობა არის საერთაშორისო ორგანიზაციების დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება. ხაზგასასმელია, რომ საერთაშორისო მხარდაჭერა იზრდება და ძალიან ფართო და უფრო კონკრეტული ხდება. უაღრესად მნიშვნელოვანია რომ, ასეთი მაღალი ტრიბუნიდან კიდევ ერთხელ გაჟღერდა ოკუპაციის პრობლემა და ვალდებულებების შეუსრულებლობა.
რეზოლუციას პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ მნიშვნელობასთან ერთად აქვს პრაქტიკული დანიშნულებაც, რადგან საქართველოს ეძლევა შესაძლებლობა ყოველწლიურად გამოიყენოს ერთ-ერთი პლატფორმა რუსული ოკუპაციის შესაჩერებლად.
ქართულ სახელმწიფო საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად ძალისხმევას არ დაიშურებს მშვიდობიანი გზითა და საერთაშორისო სამართლის პრინციპების შესაბამისად საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და იძულებით ადგილნაცვალ პირთა უსაფრთხო, ღირსეული, ნებაყოფლობითი და უპირობო დაბრუნებისათვის“, – განაცხადა რუსლან აბაშიძემ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები