არჩილ ჩიქოვანი: ბათუმის ბიუჯეტში ასახულია ყველა ის მიმართულება, რომელიც ჩვენი ქალაქის სამომავლო განვითარებისთვის, ჩვენი მოქალაქეების სოციალური პრობლემების მოგვარებისთვისაა საჭირო

აღნიშნული ბიუჯეტი, წინა წლის სასტარტო ბიუჯეტთან შედარებით, 103 მილიონი ლარითაა გაზრდილი, – ამის შესახებ ბათუმის მერმა, არჩილ ჩიქოვანმა საკრებულოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით,  ქალაქის მომავალი წლის ბიუჯეტში სრულადაა ასახული მოსახლეობის საჭიროებები, თუმცა, ამის მიუხედავად, ოპოზიციამ კვლავ დესტრუქციის გზა აირჩია და განვითარებისთვის ხელის შეშლა სცადა.

„ეს არის ბათუმის ისტორიაში უპრეცედენტო ბიუჯეტი, როგორც ხარჯვითი, ასევე, აღნიშნული ბიუჯეტი, წინა წლის სასტარტო ბიუჯეტთან შედარებით, 103 მილიონი ლარითაა გაზრდილი, კორექტირებულ ბიუჯეტთან შედარებით კი – 49 მილიონი ლარით. აღნიშნულ ბიუჯეტში ასახულია ყველა ის მიმართულება, რომელიც ჩვენი ქალაქის სამომავლო განვითარებისთვის, ჩვენი მოქალაქეების სოციალური პრობლემების მოგვარებისა და ქალაქის ნორმალურად ფუნქციონირებისთვისაა საჭირო. პოლიტიკურმა ოპონენტებმა, როგორც ყოველთვის, სწორება დესტრუქციაზე გააკეთეს, რათა ქალაქში ინფრასტრუქტურული პროექტები შეჩერებულიყო და კრიზისი შექმნილიყო“, – განაცხადა არჩილ ჩიქოვანმა.

შეგახსენებთ, რომ ბათუმში საკრებულოს სხდომა, სადაც 2022 წლის ბიუჯეტის პროექტს ამტკიცებდნენ, ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. ოპოზიციის წარმომადგენლებმა სხდომის ჩაშლა არაერთხელ სცადეს, თუმცა უშედეგოდ. ადგილზე აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის ფიზიკური დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები