ვაქცინაციის მარათონის ფარგლებში ჯანდაცვის მინისტრი იმუნიზაციის პროცესს საგარეჯოს სოფლებში გაეცნო

ვაქცინაციის მარათონის ფარგლებში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტს ჯანდაცვის მინისტრი დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ეწვია. ინფორმაციას საგარეჯოს მერია ავრცელებს. 

მათი ცნობით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფლებში მანავსა და პატარძეულში მინისტრი კახეთის სახელმწიფო რწმუნებულთან – ირაკლი შიოშვილთან, დეპუტატ დავით სონღულაშვილთან  და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად იმუნიზაციის პროცესს გაეცნო. 

“მანავში COVID-19-ს საწინაღმდეგო ვაქცინით ათეულობით ადამიანი აიცრა, მათ შორის იყო ორსული და 100 წლის ქალი.

COVID-19-ის საწინაღმდეგო ვაქცინის გაკეთება მოქალაქეებს, სოფლიდან გაუსვლელად, ადგილზე, რეგისტრაციის გარეშე, სპეციალურად გამოყოფილ მოძრავ ამბულატორიაში შეუძლიათ.

პროექტი ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგის ინიციატივით ხორციელდება.

მარათონში მონაწილეობას იღებენ სოფლის ექიმები, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მუნიციპალური ცენტრების წარმომადგენლები, სოფლის რწმუნებულები, ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციები და სხვა დაინტერესებული მხარეები.

საინფორმაციო შეხვედრების განმავლობაში მოსახლეობას საგანმანათლებლო მასალებიც გადაეცემათ.

პროექტის მხარდამჭერები არიან ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, გაეროს წარმომადგენლობა საქართველოში და გაეროს განვითარების სააგენტო (UNDP)”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები