ზუგდიდში სპორტული კომპლექსის მშენებლობა მიმდინარეობს

ზუგდიდში სპორტული კომპლექსის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. სამშენებლო სამუშაოები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა კონსტანტინე კაკავამ და ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა საქართველოს პარლამენტში ირაკლი ჩიქოვანმა დაათვალიერეს.

როგორც კონსტანტინე კაკავამ აღნიშნა, სპორტული კომპლექსი აერთიანებს როგორც წყლის მიმართულებებს, ისე სპორტის სხვადასხვა სექციებს, რაც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია.

სპორტკომპლექსის მნიშვნელობაზე ისაუბრა ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა საქართველოს პარლამენტში.

„დღეს ჩვენ მოვინახულეთ სპორტული კომპლექსის მშენებლობა. ეს არის უმნიშვნელოვანესი პროექტი. უმნიშვნელოვანესია იმ თვალსაზრისით, რომ ძალიან მასშტაბური ინვესტიციაა განხორციელებული სახელმწიფოს მხრიდან. ასევე, ეს იქნება მიზიდულობის ცენტრი როგორც ამ უბნისთვის, ისე მთლიანად ქალაქისთვის. ეს ცენტრი ახალგაზრდებს მისცემს შესაძლებლობას, რომ სპორტის სხვადასხვა სახეობებით დაკავდნენ. ვთვლი, რომ ამ ობიექტის გახსნის შემდეგ, მოსახლეობის მნიშვნელოვანი ჩართულობა გვექნება”–აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.

პროექტის ფარგლებში აშენდება დიდი და მცირე საცურაო აუზები, ტრენაჟორების, ძალოსნობის, კრივის და ჭიდაობის დარბაზები, მოეწყობა გასახდელები, საშხაპეები, როგორც სპორტსმენებისთვის, ისე მწვრთნელებისა და მსაჯებისთვის.

გათვალისწინებულია ყველა ის სამუშაო ოთახი, სივრცე და ტექნიკური სათავსო, რაც კომპლექსის ფუნქციონირებისთვის არის საჭირო. განთავსდება ღია კაფე, პატარა მაღაზია და საკონფერენციო დარბაზი.

პროექტს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს.

პროექტს აზიის განვითარების ბანკი აფინანსებს და მისი ღირებულება 11.3 მილიონი ლარია.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები