ალექსანდრე ტყებუჩავა: ფოთის ტურისტული პოტენციალიდან გამომდინარე, ჩვენ გვაქვს ამბიცია ის ვაქციოთ რეგიონული მნიშვნელობის ტურისტულ ცენტრად

“ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს „ ფოთის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი და პარტიის აღმასრულებელი მდივანი ალექსანდრე ტყებუჩავა ფოთის განვითარების გეგმის შესახებ განცხადებას ავრცელებს. ტყებუჩავას თქმით, ახალი გეგმა ინოვაციური მიდგომებით არის გამორჩეული.
“პარტია ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს ფოთის ახალი პოლიტიკური გუნდის გეგმები ქალაქ ფოთის განვითარებასთან დაკავშირებით პრინციპულად ახალი და ინოვაციური მიდგომებით არის გამორჩეული. ის გულისხმობს ქალაქის ინფრასტრუქტურის თანმიმდევრულ მოდერნიზაციას, რაც ამ ქალაქის ეკონომიკურად სტრატეგიულ მნიშვნელობას კიდევ უფრო გაზრდის. სხვაგვარად, ფოთი უნდა გახდეს იმ იდეალების მატარებელი ქალაქი, როგორი ჩანაფიქრიც თავის დროზე ნიკო ნიკოლაძეს ჰქონდა მასთან დაკავშირებით. ეს იყო წმინდად დასავლური (ამსტერდამი, პარიზი, ნიუ იორკის) არქიტექტურის ყაიდაზე დაფუძნებული პროექტი, რომელიც ფუნქციურად სტრატეგიული მნიშვნელობის ქალაქი იყო საქართველოსა და, ზოგადად, რეგიონისთვის.
ჩვენ კი მიგვაჩნია, რომ ქალაქ ფოთის შემდგომი განვითარება სწორედ ევროპული ღირებულებებისა და საყოველთაოდ აღიარებული ურბანული სტანდარტების გაზიარების საფუძვლეზე უნდა განხორციელდეს:
1. ეს პროცესი მოიაზრებს რამდენიმე ახალი მეგაპროექტის დაწყებას, რაც მნიშვნელოვან გარდატეხას მოახდენს ქალაქ ფოთის ურბანული განვითარების თვალსაზრისით.
2. რა თქმა უნდა, ავიღებთ პასუხისმგებლობას ყველა განსახორცილებელი პროექტის ხარისხზე და ჩვენი მოქალაქეებისთვის უზრუნველყოფთ პროცესის გამჭვირვალობას მისი განვითარების ყველა ეტაპზე.
3. თვითმმართველობის კონსტიტუციური უფლების საფუძველზე განვახორცილებთ ამა თუ იმ პროექტის მონიტორინგს ფართო წარმომადგენლობის მქონე კომისიის მეშვეობით, რაც, ასევე, გაზრდის პროექტების მიმართ ყურადღებასა და ხარისხის კონტროლს.
4. ამასთან, გარადაუვალ აუცილებლობას წარმოადგენს მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების დასრულება და ყველა საჭირო შემთხვევაში მათი სრულყოფილი რეაბილიტაცია.
5. ფოთის ტურისტული პოტენციალიდან გამომდინარე, ჩვენ გვაქვს ამბიცია ის ვაქციოდ რეგიონალური მნიშვნელობის ტურისტულ ცენტრად, რაც გულისხმობს ფოთის ადმინსტრაციულ ტერიტორიაზე არსებული რეკრეაციული ადგილების კომპლექსურ განვითარებას და მის ჩართვას ადგილობრივ ეკონომიკაში”,- აცხადებს ალექსანდრე ტყებუჩავა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები