“5 პოლიციელია დაშავებული, შედარებით რთულია 1 მათგანის მდგომარეობა” – გამომძიებელი მამა-შვილის დაჭრის საქმეზე

საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალაბასთუბანში მამა-შვილის დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით, ცნობილი გახდა, რომ დანაშაულში მამა-შვილია მხილებული და სწორედ მათ გაუწიეს პოლიციელებს წინააღმდეგობა.

როგორც საქმის გამომძიებელი აცხადებს, შემთხვევის შედეგად 5 სამართალდამცელი დაშავდა.

“5 პოლიციელია დაშავებული. ისინი ქუთაისში სამხარაულის ბიუროში ექსპერტიზაზე არიან გადაყვანილები. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. შედარებით რთულად 1 მათგანია დაშავებული. ამ ეტაპზე ცნობილია, რომ დანაშაულში მამა-შვილია მხილებული და სწორედ მათ გაუწიეს პოლიციელებს წინააღმდეგობა,” – აცხადებს გამომძიებელი რამაზ გვასალია.

დაჭრილი მამაკაცების ოჯახი ამტკიცებს, რომ დაკავებისას სამართალდამცველებმა გაუფრთხილებლად გაისროლეს, ამის შემდეგ კი დაკავებულებს ფიზიკურადაც გაუსწორდნენ. სამმართველოში განაცხადეს, რომ ფიზიკური დაზიანებები პოლიციელებსაც აღენიშნებათ.

შეგახსენებთ, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალაბასთუმანში, დევნილთა დასახლების მიმდებარე ტერიტორიაზე მამა-შვილი დაჭრეს. შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა.

არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცს ოკუპირებული გალიდან დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტი გადმოჰქონდა, მამა კი მას ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ელოდებოდა. არსებული ინფორმაციით, ისინი პოლიციას არ დაემორჩილნენ, რის შემდეგაც მათი მისამართით განხორციელდა სროლა.

დაჭრილი მამა-შვილი გადაყვანილია ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში.  მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. ნივთმტკიცებად ამოღებულია უაქციზო სიგარეტი.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები