ბათუმში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიის კვლევა და არეალის ნარჩენებისგან დასუფთავება იწყება

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიკაელა მარკსოვასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

ვიზიტის ფარგლებში, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმის თანახმად, ბათუმში, თამარის დასახლებაში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ჩეხი ექსპერტები იმუშავებენ.

,,ბათუმში ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ვმასპინძლობთ. მნიშვნელოვანია ჩეხეთის, როგორც ევროკავშირის ლიდერი ქვეყნის მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნისთვის.

დღეს ხელი მოვაწერეთ ძალიან მნიშვნელოვან მემორანდუმს, რომლის საფუძველზეც ბათუმში დავიწყებთ ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე არსებული ტერიტორიის გაწმენდას. ეს გახდება ერთ-ერთი ის პროექტი, რომელიც დაეხმარება როგორც ადგილობრივ ეკონომიკას, ასევე მწვანე ეკონომიკის ხაზს და პოლიტიკის გაძლიერებას” – განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ.

პირველ ეტაპზე, უცხოელი ექსპერტები ყოფილი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე დეტალურ კვლევას, ასევე, არეალის მოწესრიგების გეგმას და საერთაშორისო ტენდერისთვის დოკუმენტაციის მომზადებას განახორციელებენ.

რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში ყოფილი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე დაგროვილმა სხვადასხვა ტიპის ნარჩენებმა (ნავთობშლამი, მჟავე გუდრონი და სხვა) ტერიტორიაზე რთული ეკოლოგიური ვითარება შექმნა. პრობლემის მოგვარება, დონორ ორგანიზაციასთან მიღწეული უმნიშვნელოვანესი შეთანხმებით, უკვე დაიწყო.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები