ფოთში ოთხ საბავშვო ბაღში კოვიდინფიცირება დაფიქსირდა – დაწესებულებები დროებით დაიხურა

კოვიდინფიცირების შემთხვევების გამო, ფოთში ოთხი საბავშვო ბაღი დაიხურა. როგორც მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორი, მაკა ზარანდია ამბობს, მე-2, მე-3, მე-12 და მე-13 ბაღში კოვიდინფექცია შვიდ მასწავლებელსა და შვიდ აღსაზრდელს დაუდასტურდა.

ამასთან ზარანდია ამბობს, რომ ქალაქში არსებული ეპიდვითარებიდან გამომდინარე, ბაღების სრულად დახურვის საკითხი ჯერ არ განიხილება.

„ამ ეტაპისთვის, წერტილოვნად დაიხურა ოთხი საბავშვო ბაღი. დანარჩენი ბაღები ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ ფუნქციონირებას. რაც შეეხება, სკოლების მსგავსად, ბაღების დროებით დახურვას, ეს დამოკიდებულია ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე. ჩვენ სისტემატიურად, ორ კვირაში ერთხელ გავდივართ კოვიდშემოწმებას. ბოლო გეგმური ტესტირება 12-13 აპრილს ჩატარდა. აღსაზრდელთა დასწრების რაოდენობა დაახლოებით 30 პროცენტს შეადგენს“, – განაცხადა მაკა ზარანდიამ.

შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოში კორონავირუსის 1030 შემთხვევა გამოვლინდა, 706 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 7 კი გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები