მაშველებმა ხაშურში, მდინარეში ჩარჩენილი მოქალაქეები უსაფრთხო ადგილას გამოიყვანეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ “112”-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ალში მოქალაქეები ავტომობილით ჩარჩენილები იყვნენ მდინარეში და ესაჭიროებოდათ მაშველების დახმარება, – ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, მოქალაქეები მდინარის ერთი ნაპირიდან მეორეზე გადასვლას ცდილობდნენ, რა დროსაც, ავტომობილს ტექნიკური პრობლემა შეექმნა.

“ადგილზე უმოკლეს დროში გამოცხადდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები და დაიწყეს სამაშველო ოპერაცია. სამუშაოების შედეგად, მეხანძრე-მაშველების მიერ, მდინარე ჭერათხევიდან გამოტანილია ავტომობილი და უსაფრთო ადგილას უვნებლად გამოყვანილია მასში მყოფი სამივე მოქალაქე.

მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრება.

ადგილზე სამუშაო ოპერაცია უკვე დასრულებულია. სოფელ ალში მუშაობდნენ ხაშურის სამმართველოს სამაშველო ჯგუფები. მობილიზებული იყო ყველა შესაბამისი სამსახური”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები