ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება“ ოთარ ლორთქიფანიძემ დატოვა

ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება“ განათლების, კულტურისა და სპორტის კომისიის თავმჯდომარე – ოთარ ლორთქიფანიძემ დატოვა. როგორც საკრებულოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ლორთქიფანიძე ფრაქციას „ქართული ოცნება-კონსერვატორები” შეუერთდა, რომელიც თავის მხრივ, საკრებულოს ყოფილმა თავმჯდომარემ – ნიკა ლატარიამ დატოვა.

“ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციული საქმიანობის უწყვეტობის და კოლეგიალური პასუხიმგებლობის გათვალისწინებით, ჩემი პირადი გადაწვეტილებით, ვუერთდები ფრაქცია „ქართული ოცნება კონსერვატორების გუნდს. საკრებულოს საქმიანობის მიმართ საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, მსურს, დამატებითი განმარტება გავაკეთო აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. ამ ეტაპისთვის, ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში უმრავლესობის გუნდი წარმოდგენილია 4 ფრაქციით, რომლებიც წარმოადგენენ თვითმმართველობის განხორციელებისას საზოგადოების ინტერესების წარმოდგენის და მოქალაქეების ჩართულობის უზრუნველყოფის პოლიტიკური ინსტრუმენტს. საკრებულოს, როგორც ინსტიტუციის გამართული ფუნქციონირებისათვის აუცილებელია უზრუნველყოფილი იყოს ფრაქციული მუშაობის უწყვეტობა. მოგეხსენებათ, ქუთაისის საკრებულო დატოვა ბატონმა ნიკოლოზ ლატარიამ და იმ დრომდე სანამ მისი უფლებამონაცვლე დეპუტატის ცნობა მოხდება, ზემოთ აღნიშნული მიზნების გათვალისწინებით, ძალისხმევას არ დავიშურებ, რომ ჩემი მოკრძალებული წვლილი შევიტანო ფრაქცია “ქართული ოცნება კონსერვატორების” მუშაობაში. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ვიყავი, ვარ და ვრჩები პარტია “ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს” პოლიტიკური იდეოლოგიის ერთგული და მზად ვარ, წარმოვადგენდე ჩვენს გუნდს იმ პლატფორმებზე, სადაც ჩემი ჩართულობა სიკეთის მომტანი იქნება”,- წერს ლორთქიფანიძე.

ფრაქციის შემადგენლობაში ოთარ ლორთქიფანიძესთან ერთად, ნიკოლოზ ჩეჩელაშვილი და რამაზ ჩხიკვაძე შედიან.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები