როგორ ჩაიარა ეროვნული გამოცდების პირველმა დღემ ოზურგეთში

2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები საქართველოში ქართული ენის და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო. მთელი ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის ოზურგეთის საგამოცდო ცენტრში პროცესი მშვიდ ვითარებაში წარიმართა. ოზურგეთში ჯამში 525 აბიტურიენტია რეგისტრირებული.

როგორც ცენტრის ხელმძღვანელმა, ლელა იმედაშვილმა “რეგიონულ კვირას” განუცხადა, ოზურგეთში საგამოცდო პროცესი ყველა რეკომენდაციისა და წესის დაცვით ჩატარდა.
„ცენტრში ძალიან ბევრი სამუშაო ჩატარდა ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად, პროცესის დაწყებამდე და დღეს უკვე ჩვენ სრულ მზადყოფნაში ვიყავით აბიტურიენტების მისაღებად და არც არანაირი ხარვეზი ამ პროცესში არ გამოვლენილა. 525 აბიტურიენტია სულ ოზურგეთში რეგისტრირებული. დღეს ქართული ენის და ლიტერატურის პირველი დღის რეგისტრაცია გავლილი ჰქონდა 89 აბიტურიენტს, აქედან, 86 გამოცხადდა. პროცესი მშვიდ გარემოში მიმდინარეობდა, აბიტურიენტები ძალიან მომზადებულები და ორგანიზებულები მოვიდნენ გამოცდისთვის. თუმცა, გვქონდა შემთხვევა, ერთი აბიტურიენტი იყო სიცხიანი, ზღვრულ ოდენობაში, რაც დადგენილია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ და რა თქმა უნდა, ის გადავიყვანეთ ცალკე სექტორში, ძალიან მშვიდად იმუშავა. სხვა განსაკუთრებული შემთხვევა არ გვქონია, პროცესი 30 ივლისამდე გაგრძელდება და იმედი მაქვს, რომ ასევე მშვიდად გავივლით დარჩენილ საგამოცდო დღეებს“, – ამბობს ლელა იმედაშვილი.

აბიტურიენტების განამრტებით, გამოცდაზე უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურად იყო დაცული. მათ პირბადის გაკეთება მხოლოდ მაშინ მოუწიათ, როცა ჰაერის ტემპერატურა 30 გრადუსზე მაღალი იყო და ოთახებში კონდიცირება იყო ჩარტთული.

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები