„მინდა, აქაურობა აღორძინდეს და მე ამაში ჩემს წვლილს შევიტან“ –  მოქანდაკე ტრისტან გოგრიჭიანი ონიდან

ტრისტან გოგრიჭიანი 1950 წელს სოფელ ღებში დაიბადა, სკოლაც იქვე დაამთავრა და სამუშაოდ  ჩრდილო კავკასიაში წავიდა. – „იქ ნათესავები გვყავდა, სამუშაოდ წავედი, რამდენიმე წელი ვიმუშავე, ცოტა ჯიბის ფული დავაგროვე და თბილისში გამოვიქეცი,მალე სამხედრო სავალდებულო სამსახურმა მომისწრო და გამიწვიეს“, – იხსნებეს „რეგიონულ კვირასთან“ ადრეულ წლებს.
ტრისტანს ხატვა ბავშვობიდანვე უყვარდა, ხეზეც კვეთდა. პროფესიული დონის ასამაღლებლად თოიძის სახელობის სასწავლებელში შევიდა, დაასრულა თუ არა სწავლა, მაშინდელ „ ქანდაკებების კომბინატში“ გაანაწილეს. როგორც თავად ამბობს, ერთი წლის განმავლობაში იქ ბევრი ახალი ისწავლა და აღმოაჩინა. ცოდნაგამტკიცებულმა 1976 წელს სამხატვრო აკადემიაში სცადა ბედი, მოეწყო კიდეც და 1983 წელს აკადემია დაამთავრა. მალევე დაოჯახდა და ონში დაბრუნდა.
„4 წელი ვიცხოვრე ონში, სამხატვრო სკოლაში ბავშვებს ჩემს პროფესიას ვასწავლიდი, მერე ისევ თბილისში დავბრუნდი, 90-იანი წლები დამემთხვა და ეროვნულ მოძრაობაში ჩავები, იმდენად მაწუხებდა ის დღეები, თითქმის ყველა ჩემი ნამუშევარი, მაშინდელია“, – ამბობს ტრისტან გოგრიჭიანი.მოქანდაკემ ონში, ცენტრალურ მოედანზე 9 აპრილის მემორიალი, ნაკიეთში მსახიობ ზურა ქაფიანიძის სახლის წინ ბრინჯაოს დისკო მსახიობის პორტრეტით დადგა, მერე ყველაფერი ისე აირია, ოჯახის სარჩენად ხან ავეჯზე, ხანაც რესტავრაციებზე მოუწია მუშაობა.
„2 წელია რაც ონში მოვბრუნდი,3 შვილი მყავს, თბილისში ბავშვებს ბინა დავუტოვე და მეუღლესთან ერთად ონში დავბრუნდი, აქ დაბრუნება გმირობად სულაც არ მიმაჩნია, ძალიან ჩვეულებრივი ამბავი მგონია, ჩემს მხარეს დავუბრუნდი, ეგაა სულ..“, – ამბობს მოქანდაკე.
ტრისტან გოგრიჭიანის საცხოვრებელ სახლში მოწყობილ გამოფენაზე ხისგან გამოთლი, შამუთის, თაბაშირის,, ქვისა და ბრინჯაოს ქანდაკებებია გამოფენილი.მისი მემკვიდრული ნიჭი შვილში გრძელდება, რომლის ფანქრით შესრულებული ნახატები მამის ქანდაკებებთან ერთად ამშვენებს გოგრიჭიანების საცხოვრებელს.

მარინე სვანიძე

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები