ნინო ლაცაბიძე: რუსთავში აქტიურად ვაგრძელებთ იმ ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას, რომელიც მოსახლეობასთან ერთად დავგეგმეთ
რუსთავში, მწვანე ქალაქის კონცეფციის ფარგლებში, კიდევ ერთი შიდა საუბნო რეკრეაციული სივრცის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე პროექტის მიმდინარეობას, ინფრასტრუქტურის სამსახურისა და სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე გაეცნო.
,,რუსთავში აქტიურად ვაგრძელებთ იმ ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას, რომელიც მოსახლეობის მხრიდან იყო მოთხოვნილი. დღეს მე-12-ე მიკრო რაიონში შიდა საუბნო რეკრეაციული სივრცის მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, ეს ერთ-ერთი დიდი მწვანე სივრცეა, რომლის რეაბილიტაციის პროექტიც ჩვენ სწორედ მოსახლეობასთან ერთად დავგეგმეთ. სამუშაოები უკვე აქტიურ ფაზაშია და სულ მალე, რუსთავს კიდევ ერთი ლამაზი სივრცე შეემატება“, – განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.
მე-12-ე მიკრო რაიონში #18-19-20 და 21 საცხოვრებელი კორპუსების მიმდებარედ, 5000 კვადრატულ მეტრ ტერიტორიაზე სკვერის მოწყობის სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. ტერიტორიაზე მოეწყობა დაწნეხილი ფილების ბილიკები, განათების სისტემა, სპორტული მოედანი, საბავშვო და სპორტულ-გამაჯანსაღებელი სივრცეები, დასასვენებელი და გამწვანების ზონები. რეაბილიტირებულ რეკრეაციულ სივრცეში განთავსდება რუსთავის მოქანდაკეთა საერთაშორისო სიმპოზიუმის ფარგლებში შექმნილი ერთ-ერთი სკულპტურა.