ბათუმში მიმტანებისთვის ტრენინგები ჩატარდა
ბათუმში მიმტანებისთვის სერვისის ასამაღლებელი ტრენინგები ჩატარდა. ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, თეორიულ-პრაქტიკული ტრენინგი რეგიონში მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით 20-მდე მიმტანს ჩაუტარა. ტრენინგის მსვლელობისას მონაწილეებმა ისეთი მნიშვნელოვანი თემების შესახებ გაიარეს გადამზადება, როგორიცაა მაგიდის სერვირება, შეკვეთის მიღების სტანდარტები, სტუმრისთვის კერძის/სასმელის მიტანის ეტიკეტი, სტუმრის ფსიქოლოგიური პორტრეტი, კერძების აღწერის წესები და კონფლიქტური სიტუაციების მართვა.
“პრაქტიკული სწავლებისას მიმტანებმა ასევე დახვეწეს სასმელების დასხმის ტექნიკა, თეფშებისა და ლანგრისხელით ტარების ტექნიკა, მაგიდის სერვირება ხელსაწყოებით, სტუმართან ანგარიშსწორების წესი, მისალმება და გაცნობა. ტრენინგების მიზანი რეგიონში დასაქმებული მიმტანების პრაქტიკული უნარ-ჩვევებისგანვითარება და პროფესიული დონის ამაღლებაა. ამ ეტაპზე, ინტენსიური ტრენინგ-კურსი მიმდინარეობს დამწყები გიდებისთვის. გიდების გადამზადების პროგრამა მოიცავს, როგორც თეორიულ სატრენინგო საკითხებს, ასევე, ქალაქის მარშრუტებზე და ობიექტებზე გასვლითი ტრენინგების ჩატარებას და პრაქტიკულ გამოკითხვებს. გიდების გადამზადების პროგრამაში 30-მდე დამწყები გიდია ჩართული. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი სერვისის გასაუმჯობესებელ ტრენინგებს ასევე გეგმავს ბარმენებისთვის, მზარეულებისთვის, გიდებისა და განთავსების ობიექტების თანამშრომლებისთვის,”- წერია ინფორმაციაში.
