მარტვილის მუნიციპალიტეტში “ჭყონდიდლობა” აღინიშნა

მარტვილის მუნიციპალიტეტში ტრადიციულად 25 სექტემბერს წმინდა მეფის დავით აღმაშენებლის აღმზრდელისა და ვეზირთუხუცესის წმინდა მღვდელმთავრის გიორგი ჭყონდიდელ – მწიგნობართუხუცესის ხსენების დღე “ჭყონდიდლობა” აღინიშნა. ინფორმაციას მარტვილის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა თორნიკე ჯანაშიამ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო წილოსანმა, მარტვილის საკრებულოს თავმჯდომარესთან ლევან სურმავასთან, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და მარტვილს დამეგობრებული ქალაქების დელეგაციებთან ერთად გიორგი ჭყონდიდელი ძეგლი შეამკო.

“მარტვილის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში წირვა აღავლინა ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა მეუფე სტეფანემ.

მარტვილის ცენტრში მთავარ სცენაზე ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფების მონაწილეობით კონცერტი გაიმართა. მთელი დღის განმავლობაში, მსურველებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეთვალიერებინათ კულტურისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის გამოყენებითი ხელოვნების ნამუშევრები (პედაგოგი ამალია ჭილაია),  ზაზა სხულუხიას ნახატების პერსონალური გამოფენა, ღონისძიებაზე წარმოდგენილ იქნა ხელთნაკეთი საყოფაცხოვრებო  ნივთების გამოფენა-გაყიდვა; ადგილობრივი მეწარმეების მიერ წარმოებული ნატურალური პროდუქციის  გამოფენა-გაყიდვა. კომპლექსური სასპორტო სკოლის ორგანიზებით ჩატარდა სპორტული ღონისძიებები სპორტის სხვადასხვა სახეობებში. საფეხბურთო სკოლის საწვრთნელ ბაზაზე  სამოყვარულო ფეხბურთის ჩემპიონატი გაიმართა. მარტვილის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების, საგანმანათლებლო რესურსცენტრის და სკოლამდელი დაწესებულებების ცენტრის წარმომადგენლებმა  მეგრული ყოფის ამსახველი ეთნოგრაფიული კუთხეები მოაწყვეს, სადაც დამთვალიერებელს მეგრული სამზარეულოს დაგემოვნება შეეძლო.

მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა თორნიკე ჯანაშიამ და საკრებულოს თავმჯდომარემ ლევან სურმავამ საპატიო მარტვილელის წოდება მიანიჭეს 10  ღვაწლმოსილ მოქალაქეს.

ჭყონდიდლობის აღნიშვნა კი ჯგუფი „რეგიონის” კონცერტით დასრულდა”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები