„საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ” და „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ” საქართველოს კონსტიტუციური კანონპროექტების საყოველთაო-სახალხო განხილვა დღეს, თელავში გაიმართა.
„საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისია აგრძელებს მუშაობას. ჩვენ დღეს შეხვედრა გვქონდა თელავში, კახეთის რეგიონის წარმომადგენლებთან. ვისაუბრეთ კონსტიტუციური კანონის პროექტზე. საზოგადოებას დეტალურად მოვახსენეთ რას ითვალისწინებს კანონის პროექტი, რა მიზნები, რა საფუძველი აქვს და რა რისკების დაზღვევას ემსახურება. საზოგადოებასთან ჩვენი აზრების სრული თანხვედრა და მხარდაჭერაა. კომისია გააგრძელებს მუშაობას, ხვალ ბორჯომსა და გორში გვექნება შეხვედრები, მომავალ კვირას დავასრულებთ კომისიის ფორმატში მუშაობას და პარლამენტს გადავცემთ ამ შეხვედრების შედეგებს.
ერთი რამ უკვე შეიძლება ითქვას, დასავლეთ საქართველოში 6 შეხვედრა გვქონდა, აღმოსავლეთ საქართველოში კი უკვე ორი, ამ ინიციატივის მიმართ განწყობა არის აბსოლუტურად მხარდამჭერი. კონსტიტუციური კანონის პროექტს სჭირდება საკონსტიტუციო უმრავლესობა – 113 ხმა, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობას არ აქვს და მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციის მხარდაჭერა იყოს. პროექტის მიმართ საზოგადოებისგან მხარდაჭერაა და ახლა მნიშვნელოვანია, ამ გზავნილს რამდენად გაიაზრებს ოპოზიცია. ისინი წავლენ ქართველი ხალხის ინტერესის შესაბამისად თუ კვლავ დაიწყებენ ყურებას გარეთ რას ეტყვიან მათი მფარველები და იმ მითითებების მიხედვით იმოქმედებენ, რომლითაც სამწუხაროდ, მოქმედებენ, როდესაც ისინი არა ქართველი ხალხის ინტერესს ემსახურებიან, არამედ სხვა ხალხის თუ დაჯგუფებების ინტერესებს”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, რომელიც საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიას ხელმძღვანელობს.
თელავში გამართულ შეხვედრაზე მოსახლეობას სიტყვით ასევე მიმართეს საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის წევრებმა: დავით მათიკაშვილმა, თენგიზ შარმანაშვილმა, ირაკლი ქადაგიშვილმა და გურამ მაჭარაშვილმა.
შეხვედრას ესწრებოდნენ საპარლამენტო უმრავლესობის წევრები: ირაკლი შატაკიშვილი, გელა სამხარაული, გრეტა წიწავა, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ალადაშვილი და თელავის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ანდრიაშვილი.