აგრარულ საკითხთა კომიტეტმა სოფლის განვითარების სააგენტოს ანგარიში მცხეთა-მთიანეთის რეგიონში გასვლითი სხდომაზე მოისმინა

პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გელა სამხარაულის ინიციატივით,  ტრადიციად  იქცა სხვადასხვა რეგიონში კომიტეტის გასვლითი სხდომების გამართვა და შეხვედრები ადგილობრივ მოსახლეობასთან.

კომიტეტმა  მორიგი  გასვლითი სხდომა ამჯერად მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ჩაატარა და სხდომის მუშაობაში კანონმდებლებთან ერთად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე თენგიზ ნასარიძე და სამინისტროს უწყებათა წარმომადგენლები, სახელმწიფო რწმუნებული მცხეთა-მთიანეთის რეგიონში დავით ნოზაძე, რეგიონის მუნიციპალიტეტების  მერები და საკრებულოების თავმჯდომარეები, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ.

„კომიტეტის გასვლით სხდომებთან ერთად, მნიშვნელოვანია ფერმერებთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრები, ადგილზე ვეცნობით მათ პრობლემებს, რომლებსაც  შემდგომში ჩვენს სამოქმედო გეგმებში ავსახავთ. აქამდე უკვე ორ რეგიონში ვიმყოფებოდით –  ქვემო ქართლსა და შიდა ქართლში, სადაც სხვადასხვა სამსახურის საქმიანობის ანგარიშები მოვისმინეთ. დღეს დაგეგმილი გვაქვს სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ 2023 წელს  გაწეული საქმიანობის ანგარიშის   და სამომავლო ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის მოსმენა. ეს  სააგენტო არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რგოლი ზოგადად სოფლის განვითარების მიმართულებით. აღსანიშანავია, რომ  სააგენტო  2013 წლიდან ახორციელებს ფერმერებისთვის მხარდამჭერ პროექტებსა და პროგრამებს სხვადასხვა მიმართულებით”, – განაცხადა გელა სამხარაულმა.

ა(ა)იპ სოფლის განვითარების სააგენტოს ანგარიში 2023 წელს გაწეული საქმიანობის და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ამავე სააგენტოს დირექტორმა დავით წითლიძემ წარადგინა.

მისი ინფორმაციით,  სააგენტო ახორციელებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ინიცირებულ პროგრამებს/პროექტებს ფერმერების დახმარებისა და  მათი შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით.

ევროკავშირის დაფინანსებით, UNDP მხარდაჭერით, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პოლიტიკის მართვის ინსტიტუციური რეფორმის განხორციელების მიზნით, რამდენიმე წლის წინ შიდა უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი შეიქმნა. შედეგად დაიწყო ინსტიტუციური რეფორმა, რომელიც სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პოლიტიკის განხორციელების პროცესში ევროპული მართვის სტანდარტების დანერგვას და უწყების ევროპული ტიპის გადამხდელ სააგენტოდ გარდაქმნას ისახავს მიზნად. დღეს სააგენტო ორი ძირითადი მიმართულებით საქმიანობს – ფერმერთა გაძლიერებისთვის ახორციელებს პროექტებსა და პროგრამებს,  ხოლო ფერმერთა კონსულტაციისთვის ამოქმედებულია ექსტენციის სამსახური.

სააგენტო სახელმწიფო თანადაფინანსებით ორ ათეულზე მეტ პროგრამასა და პროექტს ახორციელებს.
კომიტეტმა წარმოდგენილი ანგარიში ცნობად მიიღო.
სხდომის შემდეგ, კომიტეტის წევრები, სამინისტროსა და ადგილობრივ ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ ნატახტარში სოფლის განვითარების სააგენტოს პროექტის ფინანსური მხარდაჭერით დაფუძნებული პურ-ფუნთუშეულის საწარმო შპს „ფუდ ალიანსის” საქმიანობას გაეცნენ.  ასევე დაათვალიერეს ამავე სააგენტოს პროექტის ფინანსური ხელშეწყობით მცხეთა-მთიანეთის რეგიონში გაშენებული ბაღები.
დღის ბოლოს კი მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში  ადგილობრივ ფერმერებსა და მოსახლეობასთან გაიმართა შეხვედრა, სადაც დიალოგი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

როგორც სახელმწიფო რწმუნებულმა მცხეთა-მთიანეთის რეგიონში დავით ნოზაძემ განაცხადა, მსგავს შეხვედრებს დიდი მნიშვნელობა აქვს, რათა მოსახლეობა კიდევ უფრო მეტად იყოს ინფორმირებული იმ პროექტებისა და პროგრამების შესახებ, რომლებსაც ცენტრალური ხელისუფლება ახორციელებს, ასევე მნიშვნელოვანია კომიტეტის მხარდაჭერა და სურვილი, უშაულოდ იყვნენ ჩართული რეგიონში მიმდინარე პროცესებში, ადგილზე მოისმინონ იმ პრობლემებისა და საჭიროებების შესახებ, რაც ფერმერებისა და მეწარმეების წინაშე დგას.
გელა სამხარაულის შეფასებით, კომიტეტის გასვლითი სხდომის ფორმატში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს შეხვედრებს მოსახელობასთან, სადაც გულახდილი დიალოგი  იმართება მათ წინაშე მდგარი პრობლემებისა და საჭიროებების  შესახებ.

„ეს შეხვედრები გვეხმარება, გავიგოთ რა აწუხებს მოსახლეობას, რაზე შეიძლება გავაკეთოთ აქცენტი სამომავლოდ. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ათეული წლის განმავლობაში სახელმწიფოს მხრიდან არაერთი ნაბიჯი გადაიდგა სოფლის მეურნეობის დარგის მხარდაჭერისა და განვითარებისათვის, პროგრამები ყოველწლიურად მრავალფეროვანი ხდება,  შედეგებიც გვაქვს, გამოწვევები მაინც რჩება, რომლებსაც ერთობლივი ძალისხმევით უნდა გავუმკლავდეთ. აგრარულ საკითხთა კომიტეტი იქნება შუამავალი და ჩართული ამ პრობლემების მოგვარებაში მთავრობის სხვადასხვა უწყებას შორის”, – განაცხადა გელა სამხარაულმა.

აგრარულ საკითხთა კომიტეტი გასვლით სხდომას და შეხვედრებს მოსახლეობასთან სხვა რეგიონებშიც გეგმავს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები