გორის მერმა გიორგი ხინჩეგაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირის გამარჯვებულები დააჯილდოვა
გორის მუნიციპალიტეტის მერმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, გიორგი ხინჩეგაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირის გამარჯვებულები საკრებულოს თავმჯდომარესთან დავით რაზმაძესთან ერთად დააჯილდოვა. ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.
“ტიტულოვანი სპორტსმენის, ახალგაზრდებს შორის მსოფლიო და ევროპის ჩემპიონის, გიორგი ხინჩეგაშვილის სახელობის ტურნირი თავისუფალ ჭიდაობაში მეშვიდედ გაიმართა.
შეჯიბრებას, რომელიც წელს 15 წლამდელებს შორის ჩატარდა, გორის სპორტის სასახლე ორი დღის განმავლობაში მასპინძლობდა. ასპარეზობა 10 წონით კატეგორიაში მიმდინარეობდა. ტურნირში 300 – ზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობდა საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან.
ტურნირზე ყველაზე უკეთ იასპარეზეს გორის ნუგზარ სხირელის სახელობის ჭიდაობის სკოლის სპორტსმენებმა. მათ ყველაზე მეტი მედალი მოიპოვეს და გუნდურ ჩათვლაში პირველ ადგილზე გავიდნენ.
საპრიზო ადგილებზე გასული სპორტსმენები თასებით, მედლებითა და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.
ასპარეზობას თვალს ადევნებდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ტიტულოვანი სპორტსმენები, საქართველოს ჭიდაობის ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებების მწვრთნელები.
ღონისძიება, გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით ჩატარდა”,- წერია ინფორმაციაში.