ოკუპანტების მიერ სოფელ კნოლევთან უკანონო ბორდერიზაციის პროცესის გააქტიურებასთან დაკავშირებით სუსი განცხადებას ავრცელებს

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ კნოლევის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია განახორციელეს, რომლის ფარგლებში უკანონოდ დაამონტაჟეს ლითონის ბოძები და მავთულხლართები, – ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დაუყოვნებლივ გააქტიურდა ცხელი ხაზი და ინფორმაცია საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს ეცნობა.

“საოკუპაციო ძალების უკანონო აქტივობების თითოეული შემთხვევა, მათ შორის უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისა და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მწვავე რეაგირების საგანს წარმოადგენს.

საკითხი მწვავედ დაისმება ერგნეთის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრის ფარგლებში, ასევე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე.

უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია და მის ფარგლებში აღმართული უკანონო ინსტალაციები ხელს უშლის თავისუფალ გადაადგილებას, ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებას და აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს.

მიმდინარე პროცესზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები