თორნიკე რიჟვაძე: არავის მივცემთ ქალაქისთვის ყველაზე მთავარი პროგრამის, “ბათუმი ავარიული სახლების გარეშე” დისკრედიტაციის და მით უმეტეს გაჩერების შესაძლებლობას

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ  სახალხო დამცველის საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანასთან დაკავშირებით, რომელშიც ნინო ლომჯარიას აპარატი პარლამენტის მიერ 23 ივნისს მიღებული ცვლილებების არაკონსტიტუციურად ცნობას და მის შეჩერებას ითხოვს – განცხადება გააკეთა.
თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნა, რომ ბათუმისთვის ავარიული სახლები ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა და არავის მიეცემა ქალაქისთვის ყველაზე მთავარი პროგრამის დაზიანების, დისკრედიტაციის და მით უმეტეს გაჩერების შესაძლებლობა.
,,იმ ღონისძიებებზე, რომელიც ტარდება ავარიული სახლების პროგრამის ასამოქმედებლად და სადაც ჩვენ უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ მაქსიმალური მხარდაჭერა გამოგვიხატა, სახალხო დამცველმა და ალბათ სახალხო უნდა მოვაშოროთ და ნაცებთან შეზრდილმა, ნაცების დამცველმა, როგორც ყველა კარგ საქმეზე, მიიტანა იერიში. გაასაჩივრა საკონსტიტუციო სასამართლოში. აუცილებლად დავიცავთ ამ საკანონმდებლო ცვლილებებს, არავის მივცემთ ამ მართლაც მნიშვნელოვანი, ქალაქისთვის ყველაზე მთავარი პროგრამის დაზიანების, დისკრედიტაციის და მით უმეტეს გაჩერების შესაძლებლობას” – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ. ბათუმის მუნიციპალიტეტმა, შესაბამის ორგანოებთან ერთად მოახერხა რომ დაეწყო ოთხი პროექტი იმ ფინანსური რესურსით, რომელიც იქნა ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან გამოყოფილი და დაახლოებით 200-ზე მეტი ოჯახი მერიის მიერ განხორციელებული პროექტის ფარგლებში მიიღებს შესაბამის საცხოვრისს. თორნიკე რიჟვაძემ მოუწოდა სამშენებლო სექტორს, დეველოპერულ სექტორს, რომ მაქსიმალურად მალე მიაღწიონ შეთანხმებებს მოსახლეობასთან, რომ შესაძლებელი გახდეს ამ პროგრამის კიდევ უფრო დიდი მასშტაბებით ამოქმედება. – ,,სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს რომ ეს პროგრამა განხორციელდეს კეთილსინდისიერად და ის გეგმა რომელიც გვაქვს,რომ 2025 წლისთვის განხორციელდეს ყველა ოჯახის დაკმაყოფილება, უნდა იქნეს მიღწეული, როგორც მთავრობის ასევე კერძო სექტორის და მერიის აქტიური ჩართულობით”, – განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები