თეა ახვლედიანმა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე კულტურულ-საგანმანათლებლო სემინარი გახსნა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე კულტურულ-საგანმანათლებლო სემინარი გახსნა, რომელიც ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრთან ერთობლივი პარტნიორობით ხორციელდება. ინფორმაციას ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.

უწყების ცნობით, თეა ახვლედიანმა სემინარის მონაწილეებს, მასწავლებლებს ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებული სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლისა და კახეთის რეგიონებიდან სიტყვით მიმართა.

სახელმწიფო მინისტრმა სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო პოლიტიკის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტზე – ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებული რეგიონების მოსახლეობის ინფორმირებასა და ცნობიერების ამაღლებაზე, მათ შორის, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პერსპექტივების შესახებ ისაუბრა.

თეა ახვლედიანმა აღნიშნა, რომ თანამოქალაქეები, განურჩევლად ეთნიკური კუთვნილებისა და მიუხედავად იმ ბარიერისა, რაც დიდწილად ჯერ კიდევ არსებული სახელმწიფო ენის ცოდნის ბარიერს უკავშირდება, თითოეული მოქალაქისა და ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, მათ შორის, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესიდან მომდინარე სიკეთეებსა და სარგებელზე სათანადოდ უნდა იყვნენ ინფორმირებულნი.

„ჩვენი მოქალაქეებისთვის, განსაკუთრებით ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთათვის, რომელთა წინაშე სახელმწიფო ენის ცოდნის ბარიერი ჯერ კიდევ არსებობს, მათთვის აქტუალურ და ზოგადად, ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ამგვარი კულტურულ-საგანმანათლებლო, საინფორმაციო კამპანიების ჩატარება განსაკუთრებული მნიშვნელობისაა. დღევანდელ ღონისძიებაზე, რომელიც მიზნად ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ცნობიერების ამაღლებას ისახავს, ჩვენ ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებული რეგიონებიდან მასწავლებლები მოვიწვიეთ, რომელთაც ახალგაზრდა თაობისთვის, მოსწავლეებისა თუ მშობლებისთვის, ზოგადად, თემში სწორი, ობიექტური ინფორმაციის მიწოდებასა და ადგილობრივი საზოგადოების აზრის ფორმირებაში სრულიად განსაკუთრებული როლი აკისრიათ“,- განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა.

უწყების ინფორმაციითვე, სემინარის მონაწილეებს სიტყვით ასევე, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა, თამარა წულეისკირმა მიმართა. როგორც მან განმარტა პედაგოგები ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისათვის ერთ-ერთი მნიშვნელოვან სამიზნე აუდიტორიას წარმოადგენენ, რადგან მათი როლი საზოგადოებრივი აზრის ფორმირების და განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობის ინფორმირების კუთხით გადამწყვეტია.

„ორდღიან სემინარში პირველ ეტაპზე 30 მასწავლებელი მონაწილეობს. კულტურულ-საგანმანათლებლო სემინარები სხვადასხვა სახელმწიფო უწყების წარმომადგენლებთან, თემის ექსპერტებსა და საერთაშორისო პარტნიორებთან შეხვედრებს მოიცავს. ღონისძიების ფარგლებში მონაწილეები ოკუპაციის მუზეუმს ეწვევიან.

კულტურულ-საგანმანათლებლო სემინარების ციკლი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მხარდაჭერით ხორციელდება. სემინარის მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცემათ“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები