ბორჯომის პოლიციამ დააკავა პირი, რომელმაც ცოლს 16 ჭრილობა მიაყენა, სიდედრს კი სცემა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დამამძიმებელ გარემოებაში მეუღლის განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ოჯახური ძალადობის ბრალდებით 1975 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი გ.კ. ბორჯომში დააკავეს.

მან ბორჯომში სიდედრს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ცოლი კი ცივი იარაღით 16-ჯერ დაჭრა.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა მიმდინარე წლის 1-ელ მაისს, ბორჯომში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, სიდედრს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ხოლო მეუღლე – 1985 წელს დაბადებულ ვ.ა. ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა.

დაშავებული ვ.ა. საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას შესაბამისი მკურნალობა უტარდება.

სამართალდამცველებმა გ.კ. მომხდარიდან მალევე, ბრალდებულის სახით დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღო”, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ოჯახის წევრის მიმართ გენდერის ნიშნით დამამძიმებელ გარემოებაში განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის და ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრების მიმართ ჩადენილ ძალადობის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა 19-109-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, ასევე, 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები