მამუკა მდინარაძე: სააკაშვილის და გახარიას პარტიის წევრები ცივილიზებული სამყაროს მიერ აღიარებულ მსოფლიო პრაქტიკასა და კანონმდებლობას არ აღიარებენ

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ის რაც გუშინ სენაკის საკრებულოში მოხდა უპრეცედენტოა და ცივილიზებულ სამყაროს არ ახსოვს მსგავსი პრაქტიკა.

როგორც მდინარაძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სენაკის საკრებულოში “ნაციონალური მოძრაობისა” და გახარიას პარტიის “საქართველოსთვის” წევრებმა კონსტიტუცია დაარღვიეს, როდესაც სხდომა ნახევარზე ნაკლები დეპუტატის დასწრებით ჩაატარეს.

“ნამდვილად რთული იყო წარმოდგენა, რომ მოგვიწევდა ისეთ საკითხზე საუბარი, რასთან დაკავშირებითაც დღეს მოგიწვიეთ, თუმცა, ფაქტია, 21-ე საუკუნის საქართველოში წარმოუდგენლად კომიკური შემთხვევა მოხდა, რომელიც უპრეცედენტოა ცივილიზებული სამყაროს როგორც პოლიტიკის, ისე სამართლის ისტორიაში.
საუბარი მაქვს სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გუშინ მომხდარ ამბავზე, რომელიც იმდენად დაუჯერებელია, ვინმემ შეიძლება იფიქროს, რომ ხუმრობაა. სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, რომლის შემადგენლობაში 33 დეპუტატია, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მასთან შეზრდილმა გახარიას პარტიამ მიიჩნიეს, რომ კანონით გათვალისწინებული შესაბამისი გადაწყვეტილებები, მაგალითად საკრებულოს სხდომის გახსნა – არა ხმათა უმრავლესობით, ანუ 17 დეპუტატით, არამედ საკრებულოს 16 დეპუტატის მონაწილეობითაც შეიძლება.
ანუ მათი დათვლითა და არითმეტიკით 16 33-ის ნახევარზე მეტია. აქვე შეგახსენებთ, რომ საკრებულოს სხდომის ჩატარების კანონით დადგენილი პირობა ასეთია: სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საკრებულოს სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი. სენაკის შემთხვევაში 33-ის ნახევარზე მეტი, ანუ მინიმუმ 17 წევრი. ამის მიუხედავად, უკვე კოალიციაში მყოფმა ამ ორმა პარტიამ კვორუმის გარეშე დაიწყეს არარსებული სხდომა და მიიღეს ე. წ. „გადაწყვეტილებები“: „გადააყენეს“ სამანდატო კომისიის თავმჯდომარე და მის ნაცვლად „დანიშნეს“ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, რომელსაც მხარი გახარიას პარტიის წევრებმაც დაუჭირეს (აქამდე ნაც. მოძრაობის წევრები უჭერდნენ მხარს, ახლა უკვე პირიქით, გახარიას პარტიის წევრებმა დაუჭირეს სააკაშვილის პარტიის წარმომადგენელს მხარი); ასე შეწყობილად მუშაობენ უკვე. ამავე ე. წ. სხდომაზე ცნობად მიიღეს საკრებულოს ახალი წევრის უფლებამოსილების ცნობის საკითხიც. ერთი სიტყვით, კვორუმის გარეშე გახსნილ ე. წ. „სხდომა“ ჩვეულებრივ რეჟიმში წარმართეს. ეს იგივეა, რაც პარლამენტის სხდომის გახსნა 76 დეპუტატის დასწრების გარეშე, 74 ან 75 დეპუტატით, ან მაგალითად ორგანული კანონების მიღება ამდენივე ხმით.

ცივილიზებული სამყაროს მიერ აღიარებულ ამ მსოფლიო პრაქტიკას და კანონმდებლობას არ აღიარებენ სააკაშვილის და გახარიას პარტიის წევრები და მათი ქმედებების ლოგიკით, სენაკში 16 უდრის 33-ის ნახევარზე მეტს ან 16 უდრის ან მეტია 17-ზე.

სააკაშვილი-გახარიას პარტიების ერთობლივი საქმიანობა უკვე ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ გულწრფელ გაკვირვებას იწვევს ის ფაქტი, რომ ამ ორ, ერთ ორგანიზმად ქცეულ პარტიაში ერთი ადამიანიც კი არ აღმოჩნდა, რომელიც იტყოდა, რომ წარმოუდგენელი სიგიჟეა 33-დეპუტატიან საკრებულოში სხდომის გახსნა და ჩატარება მოინდომო 16 დეპუტატით და ამით წახვიდე არა მხოლოდ არითმეტიკის, კანონების თუ კონსტიტუციის წინააღმდეგ, არამედ მოინდომო ისეთი პრეცედენტის შექმნა, რომელიც ჯერ მსოფლიო პრაქტიკაში არ დაფიქსირებულა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები