დუშეთში N3 საბავშვო ბაღის შენობის სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა

დუშეთში N3 საბავშვო ბაღის შენობის სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. პროექტის ფარგლებში საბავშვო ბაღს კაპიტალური რემონტი ჩაუტარდა. მათ შორის მოწესრიგდა ელექტროგაყვანილობა, გაკეთდა იატაკი, სახურავი, კიბეები, კეთილმოეწყო ეზო, დამონტაჟდა საბავშვო კონსტრუქციები და სხვა.

პროექტი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და დუშეთის მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით  განხორციელდა.

ადგილზე არსებულ ვითარებას მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული დავით ნოზაძე, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერთან, მანანა (მაცაცო) ნარიმანიძესთან ერთად გაეცნო.

„განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ამიერიდან ბავშვები სააღმზრდელო პროცესს უსაფრთხო, კომფორტულ და თანამედროვე სტანდარტების შესაბამის გარემოში გააგრძელებენ.

მინდა მადლობა გადავუხადო რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალიტეტისათვის ასეთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებისათვის. იმედი  მაქვს, ამ მხრივ ჩვენი თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება, რადგანაც ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს სწორედ პატარები და მათთვის შესაბამისი სივრცის შექმნა წარმოადგენს“, – განაცხადა დავით ნოზაძემ.

დუშეთში N3 საბავშვო ბაღის მოსანახულებლად, ასევე, იმყოფებოდნენ მერის პირველი მოადგილე ვასილ წიკლაური, მოადგილე ოთარ ჩხეიძე, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ინაშვილი, სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი ასლამაზიშვილი და მერის წარმომადგენელი დუშეთის ადმინისტრაციულ ერთეულში შალვა ინაშვილი.

აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ქ. დუშეთის N3 საბავშვო ბაღის აღმზრდელს, დარეჯან ლალიაშვილს სკოლამდელ დაწესებულებაში 40 წელზე მეტი დამსახურებული მოღვაწეობისათვის მადლობის სიგელი გადასცეს და წარმატებული საქმიანობა უსურვეს.

ცნობისათვის, დღეისათვის დუშეთის მუნიციპალიტეტში 18 საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს. მათ შორის სრული რეაბილიტაცია განხორციელდა ქ. დუშეთის N1, მე-2, მე-3 და სოფელ ბულაჩარაურის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში.

ამასთან, სოფლებში – მჭადიჯვარსა და მაღაროსკარში აშენდა ახალი სკოლამდელი აღზრდის ცენტრები.

ინფორმაციას მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები