თორნიკე რიჟვაძე: საქართველოში სარაგბო ინფრასტრუქტურის განვითარების უპრეცედენტო პროექტი აჭარიდან იწყება

აჭარის მთავრობასა და საქართველოს რაგბის კავშირს შორის ხელი მოეწერა მემორანდუმს, რომელიც აჭარაში  რაგბის ინფრასტრუქტურის განვითარებას გულისხმობს.  საქართველოს მთავრობის ახალი ინიციატივის თანახმად, რომელიც ქართული რაგბის მხარდაჭერას გულისხმობს, აჭარაში 6 მოედნის მშენებლობა დაიწყება. ამათგან 3 მოედნის მშენებლობა წელს დაიწყება.

 

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის თქმით, საქართველოში რაგბის ინფრასტრუქტურის განვითარების უპრეცედენტო პროექტი სწორედ აჭარიდან იწყება.  „ეს არ იქნება მხოლოდ ერთი პროექტი, რომელიც აქ, ქობულეთში განხორციელდება. ჩვენ ვგეგმავთ, რომ წელს დავიწყოთ არანაკლებ სამი ახალი რაგბის სტადიონის მშენებლობა და ჯამში აჭარას უნდა დაემატოს 6 ახალი რაგბის სტადიონი, რომელიც საშუალებას მოგვცემს ხელი შევუწყოთ ისედაც წარმატებულ მორაგბეებს, მხარი დავუჭიროთ ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენს მორაგბეებს მივცეთ საშუალება როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ კიდევ უფრო მეტად ასახელონ როგორც მათი გუნდი, მათი მუნიციპალიტეტი, მათი ქალაქი, ასევე ჩვენი ქვეყანა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა ხორციელდება უკლებლივ ყველა მუნიციპალიტეტში. ეს არის გაგრძელება იმ ძალიან დიდი საქმის, რომელსაც თავის დროზე ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა ფონდი „ქართუს” მეშვეობით ჩაუყარა  საფუძველი.  ჩვენ ყველანი ვცდილობთ, რომ ეს ძალიან მაგარი საქმე იქნას გაგრძელებული, შენდებოდეს ახალი მოედნები და კიდევ უფრო მეტი წარმატება ჰქონდეს რაგბის სახეობას.” – აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ სიტყვით გამოსვლისას.

 

აჭარის მთავრობამ პრემიერ მინისტრის ინიციატივას მხარდაჭერა გამოუცხადა და პირველ ეტაპზე მშენებლობები დაიწყება ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუცუბანსა და დაბა ჩაქვში, ასევე შუახევის რაიონში სოფელი ფურტიოში, ხოლო უახლოეს მომავალში მშენებლობები ბათუმში, ბენზეს დასახლებაში არსებულ მე-18 სკოლის ტერიტორიაზე, გონიოში, ქედასა და ქობულეთის ცენტრში იგეგმება. ცალკე აღნიშვნის ღირსია შუახევის რაიონის სოფელ ფურტიოში დაგეგმილი საზაფხულო სპორტულ-გამაჯანსაღებელი ბანაკის მშენებლობა, რომელიც მთელი ზაფხულის განმავლობაში უმასპინძლებს ბავშვებს, როგორც საქართველოს ყველა კუთხიდან, ასევე სხვადასხვა ქვეყნებიდან.

 

საქართველოს მთავრობამ ქართულ რაგბს უპრეცედენტო მხარდაჭერა გამოუცხადა და 45 სხვადასხვა ლოკაციაზე 100 ახალი სპორტული მოედნის მშენებლობა დააანონსა. აჭარის მთავრობამ, რომელიც წლებია მხარში უდგას ადგილობრივ სარაგბო კლუბებს, პროექტის განხორციელებისთვის პირველი ქმედითი ნაბიჯები გადადგა.  

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები