რა კავშირი აქვს “რიონის მცველებს” “ნაცმოძრაობასთან” – კონსპირაციული შეხვედრა გუმათში
სკანდალური ფოტომასალა, რომელიც “ნამახვანჰესის” მოწინააღმდეგეთა აქციაზე “ნაცმოძრაობის” აქტივისტის, გიორგი ხვედელიანისა და ვარლამ გოლეთიანის შეხვედრას ასახავს, “კვირამ” ექსკლუზიურად მოიპოვა. ეს სურათები რიონის ხეობაშია გადაღებული.
მაშინ, როცა გოლეთიანი საზოგადოებას არწმუნებს, რომ პროტესტს პოლიტიკური სარჩული არ აქვს და პოლიტიკოსებთან კონსულტაციებს არ მართავს, აღმოჩნდა, რომ პარალელურად, კულუარებში მათთან შეხვედრებს არ ერიდება.
კონსპირაციული შეხვედრის შინაარსი ჩვენთვის ცნობილი არ არის, თუმცა ამ საუბრიდან ცოტა ხნის შემდეგ “ნაცმოძრაობის” თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ღიად დაუჭირა მხარი “რიონის მცველებს” და საკმაოდ მკვეთრი განცხადებაც გაავრცელა:
“აქ ოქროს შუალედია დასაცავი. ის, რომ ჩვენ არ ვიმყოფებით ამ აქციებზე, აქვს ახსნა, რომ მკაფიო გზავნილები უნდა იყოს წარმოდგენილი ორგანიზატორების მხრიდან… მას სჭირდება მხარდაჭერა, თუნდაც რეკომენდაციის მიცემის სახით. არა მხოლოდ ტელევიზიით, არამედ თუნდაც კერძო საუბარში, რათა ქვეყნისთვის სასიკეთო საქმე გამოუვიდეს და არა, ნებსით თუ უნებლიეთ, საპირისპირო”,- განაცხადა ნიკა მელიამ.
რაც შეეხება გიორგი ხვედელიანს, სხვადასხვა დროს ის “ნამახვანჰესის” კასკადის მშენებლობას ღიად ეწინააღმდეგებოდა.
“კვირა” შეხვედრის შესახებ დეტალური ინფორმაციის გარკვევას ცდილობს და ვარლამ გოლეთიანის კომენტარის მოპოვებასაც შეეცდება.